რიყის დოქების დემონტაჟის პროცესი ოფიციალურად დაიწყო - ექსპერტები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

19.07.26 20:24
რიყის დოქების დემონტაჟის პროცესი ოფიციალურად დაიწყო - ექსპერტები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

რიყის დოქების დემონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო ღობეების მონტაჟი უკვე დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოფენო ცენტრის დემონტაჟის პროცესი შესაძლოა უახლოეს პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავიდეს.

ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტის ირგვლივ რკინის ღობეები დღეს დროებით დასაქმებულმა მუშებმა განათავსეს. მათ „პირველებთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ კონკრეტულ კომპანიას არ წარმოადგენენ და სამუშაოზე მხოლოდ ერთი დღით არიან დაქირავებულები. კითხვებზე, ვინ არის პროექტის შემსრულებელი კომპანია და რა ვადებში უნდა დასრულდეს სამუშაოები, მათ პასუხი ვერ გასცეს.

დემონტაჟის პროცესს კრიტიკულად აფასებენ დარგის სპეციალისტები. მათი განცხადებით, მსგავსი მასშტაბის არქიტექტურულ ობიექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, მაშინ როცა პროცესს კომპლექსური კვლევა, პროფესიული შეფასებები და ფართო საზოგადოებრივი განხილვა უნდა უძღოდეს წინ. მათი თქმით, საუბარია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობაზე, რომელსაც ქალაქისთვის სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რიყის დოქების დემონტაჟი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე მიიღეს. მათი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ერთი შენობის ბედი, არამედ თანამედროვე არქიტექტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის ისტორიული მეხსიერების საკითხია, რომელსაც მომავალში სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ბედზეც შეიძლება ჰქონდეს გავლენა.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები