საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

20.07.26 12:58
საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვა მოხდება.

რცხილაძის ადვოკატი, ლაშა გოლუბიანი ამბობს, რომ დაცვის მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯაშუშობაში გაამართლონ. 

„აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება, ჩვენ მის მის გაუქმებას მოვითხოვთ, ან უფრო მსუბუქით - გირაოთი შეცვლას. ბრალს არ აღიარებს ბუნებრივია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ადამიანი ჯაშუშობაში გაამართლონ, რადგან რეალურად მართლა არ არის ჯაშუში და მთელ იმ დოკუმენტებში, მტკიცებულებებში, რაც ბრალდების მხარემ ჩადო საქმეში, არ მოიპოვება არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც, რომ რამე ჯაშუშური ქმედება განახორციელა. საქმეს „გრიფით საიდუმლო“ ადევს და დღემდე, არ ამბობენ თვითონ, რომელ ორ ქვეყანას გულისხმობენ. თქვან, მაგ კაი დედმამიშვილებმა, არაფერია დასამალი, პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, გაასაჯაროვონ მასალები და თუ ეს ადამიანი მართლა ჯაშუშია, საზოგადოებას დაუმტკიცონ, მე ვამბობ, რომ არ არის ჯაშუში. ჩვენი მოთხოვნაა, ყველაფერი გაასაჯაროვონ, სხდომები გახსნან, რაიმე ვიდეომმტკიცებულებას გამოაქვეყნებდნენ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჯაშუშია, თანხა აიღო, ინფორმაცია გადასცა სხვა ქვეყნებს, ასეთი რამ არ არის საქმეში და ურჩევიათ, რომ კომფორტულად რომ იყვნენ, დახურონ სხდომები, გრიფით საიდუმლო დაადონ საქმეს  “, - აცხადებს გოლუბიანი.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
  • სუს-ში აცხადებენ, რომ  ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
  • გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.