4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე, პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო - პაატა ბურჭულაძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე, რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, აქციის ორგანიზების ნაწილში ჩართული არ ყოფილა.
“4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი.
პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო.
ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა მანჯგალაძე რომ არ არის 4 ოქტომბრის ორგანიზატორი, ამას ამტკიცებს მისი ადვოკატი და განმარტავს, რომ ყველა მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარადგინეს, პირიქით, ამართლებს.
ჩვენ ყველას გვესმის, რომ სასამართლო სისტემა ამრთულია ხელისუფლების მიერ, განსაკუთრებით ისეთ საქმეებშ, სადაც მთავრობას პოლიტიკური ინტერესი აქვს. პაატა მანჯგალაძის ნაწილში შეგვიძლია კიდევ ერთხელ, მკაფიოდ, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არავითარი არც მტკიცებულება, არც არგუმენტი, არც საღი აზრი, იმის დასადასტურებლად, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში, არ არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, პროკურატურამ რა მტკიცებულებებიც მოიტანა მასთან დაკავშირებით, ეს პაატა მანჯგალაძეს ამართლებს. მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებითაც შემიძლია გითხრათ- ის კვალიფიკაცია, რომელსაც მას ედავებიან და ის სასჯელი, რაც მის მიმართ არის დანიშნული, აბსოლუტურად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს. მკაფიოდ უნდა ვთქვათ- 4 ოქტომბერს ხალხი ქუჩაში და ეს ადამიანები, ვინც განსასჯელი სკამზე არიან წარმოდგენილი, არავინ გასულა რაიმე დანაშაული ჩასადენად, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, პირიქით, მათი ამოცანა იყო საქართველოს კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება, - განაცხადა ბექა ბასიალაიამ.
დღევანდელ სასამართლოს სხდომას ვერ ესწრება მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის კლინიკა ვივამედში იმყოფება. ასევე, ირაკლი შიშმელაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, სასამართლოში შაიშმელაშვილის დისტანციურ მონაწილეობაზე, თუმცა, უარი მიიღო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
- პირველი ინსტანციის სასამართლომ ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.