რას აშენებენ დოქების ნაცვლად - რიყის გასაიდუმლოებული პროექტი
რიყის დოქების გარშემო სამშენებლო ღობის შემოვლება თითქმის დასრულებულია. შესაბამისად, ყველაფერი მზადაა, მისი დემონტაჟის დასაწყებად.
თუმცა, რა აშენდება დანგრეული შენობის ადგილზე, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია. “პირველები“ დილიდან ცდილობა, ამ კითხვაზე პასუხი იმ კომპანიისგან მიეღო, რომელიც შენობის მფლობელია, თუმცა, უშედეგოდ.
“მაქრო კონსტრაქშენში“, რომელის საკუთრებაც რიყის პარკის ნაწილი და იტალიელი არქიტექტორის პროექტით აშენებული საკონცერტერტო დარბაზი გახდა, არ ამბობენ, რის აშენებას აპირებენ.
ჩვენ ვართ ადმინისტრაცია და როდესაც კომპანიას ეს ყველაფერი ექნება დამუშავებული, რა თქმა უნდა, გაასაჯაროვებენ. ხელმძღვანელობა დადებს ამაზე ინფორმაციას, - უთხრა “პირველებს“ ადმინისტრაციის თანამშრომელმა და ურჩია ხელმძღვანელობას იმეილით დაკავშირებოდა.
კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ არც კომპანიის ცხელ ხაზზე. ჟურნალისტის მოთხოვნაზე, დაეკავშირებინათ პასუხისმგებელ პირთან, ვინც კითხვებზე უპასუხებდა, მათ უთხრეს, რომ მის მოთხოვნას გადასცემდნენ მარკეტინგს.
ინფორმაციას იმაზე, თუ რა აშენდება რიყის დოქების ნაცვლად, არ ფლობს არც ქალაქის მერი. მისი თქმით, ჯერ მერიაში არ შესულა პროექტი, რა უნდა აშენდეს ამ კონკრეტულ ადგილზე.
ექსპერტები ამბობენ, რომ სისტემა არ მუშაობს ისე, როგორც ახლა კომპანია და კახა კალაძე ამტკიცებენ. მათი თქმით, იქამდე, ვიდრე ინვესტორი და ბიზნესმენი მიიღებენ გადაყვეტილებას, რომელი მიწა უნდა შეიძინონ, მიმდინარეობს წინასწარი პროექტის შეთანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს ინვესტორი გადაწყვეტილებას.
ბუნებრივია, ეს ხდება ხელისუფლებასთან შეთანხმებით, პირადად ქალაქის მერთან. თვითმიზანი არის ამ დოქების მოშლა, რადგან ვიცით, რომ იმ ერთადერთ ადამიანს პასუხი უნდა გასცენ, იქნებ ღვინის დოქების ნაცვლად, კასრები უნდა დადგას, ან შამპანიურის ბოთლი. პროექტი არსებობს, სამომავლო გეგმებიც არსებობს, ბუნებრივია, არა თუ 20 მილიონის, არამედ ჩუქებით, 1 ლარის შემთხვევაშიც კი ასეთი რამ არ ხდება. ბიზნესი ემორჩილება სხვა წესებს და თუ ბიზნესმენმა წინასწარ არ იცის, რა უნდა გააკეთოს, ბუნებრივია ერთ თეთრს არ დახარჯავს ასეთ პროექტზე. ამიტომ, ასეთი ზღაპრების არავის სჯერა, - ამბობს ბადრი ნიაური.
“პირველებმა“ გაარკვია, რომ 15 ათასი კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, სადაც რიყის დოქები დგას, ახლა ყადაღა ადევს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია “რიყე დომს“ მთელი ქონება ივნისის ბოლოს დაუყადაღეს, ზუსტად მაშინ, როცა მერიამ დოქების დანგრევის ნებართვა გასცა. როგორც ირკვევა კომპანიას 85 ათასი ლარის დავალიანება აქვს.