პოლიციის ექს-მაღალჩინოსანი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ხმაურიანი დეტალები რეზონანსული საქმის სასამართლოდან
კიდევ ერთი უარი ძალადობაში მხილებულ პოლიციის ექს-მაღალჩინოსანს - ელექტრონული სამაჯური ძალაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა. იოსებ სიგუას ხმაურიან სასამართლო პროცესზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბრალდების მხარე დღეს სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა რომ, სიგუა ნარკოტიკების მომხმარებელია და ის ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფდა.
ირკვევა, რომ დაპირისპირება ცოლ-ქმარს შორის მაშინ დაიწყო, რაც სოფო სიგუას მტკიცებით, ექს-მაღალჩინოსანმა მას დიდი ოდენობის თანხა მოჰპარა. მორიგი სკანდალური ჩვენების დროს, იოსებ სიგუას ყოფილმა ცოლმა მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე დეტალურად ისაუბრა, რომ კაცი მასზე სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ირკვევა ისიც, რომ 12 საათის შემდეგ ძალადობის მსხვერპლ ქალს გარეთ გასვლაც კი აკრძალული ჰქონდა, ვერც ქორწილსა და კორპორატიულ საღამოებზე დადიოდა.
კაცი, რომელიც კრიმპოლის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო, ახლა დამნაშავეების დევნის ნაცვლად საკუთარ სასამართლო პროცესებზე დადის. ის ბრალდებები, რაც დღეს სხდომათა დარბაზში ისმოდა მოსამართლეთა კოლეგიისთვის აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ძალადობის განმეორებით ჩადენის საფრთხე რეალურია და სიგუა ისევ ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშ დატოვა.