წყლით სავსე ქუჩები, პარალიზებული გზები და წყალში მოცურავე ავტომობილები - ღამით წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა
წყლით სავსე ქუჩები, პარალიზებული გზები, გაჩერებული ავტობუსები და მანქანები - ასეთი სურათი იყო გუშინ ღამით თბილისში. დედაქალაქი ისევ დაიტბორა.
უხვი ნალექის გამო რამდენიმე უბანში უმძიმესი ვითარება იყო. მოქალაქეები ქუჩებში გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
მოქალაქეები კადრებს აქვეყნებდნენ წყლით გავსებული ავტობუსებიდანაც. ხალხი დახმარებას მთელი ღამე ითხოვდა.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ყველაზე პრობლემური იყო დიდი დიღომი, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორია, ასევე, სოფელ დიღომში რამდენიმე ლოკაცია. ასევე, პრობლემა იყო უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერისთავის ქუჩზე.
გვიან ღამით ქუჩაში კახა კალაძეც გავიდა. როგორც თბილისის მერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, გაწმენდითი სამუშაოების განსახორციელებლად ქუჩებში ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.