გიორგი ჭიღლაძისთვის გირაოს გადახდის მზაობა იმ სასტუმრომ გამოთქვა, სადაც ინციდენტი მოხდა - ადვოკატი
სასტუმრო „აგარანის მამულმა" სადაც დაპირისპირება მოხდა, გირაოს თანხის გადახდაზე მზაობა გამოთქვა - ამის შესახებ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ სასამართლო სხდომის დარსულების შემდეგ განაცხადა.
უფლებადამცველის თქმით, გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართველ ხალხს გვერდში დგომისთვის.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხარული ვარ. გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რომელიც გვერდში უდგას, ჟურნალისტებს, რომლებიც მოვლენებს აშუქებენ და ხალხს აწვდიან ინფორმაციას საქმეზე... სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, გადაიხდიან.
სასტუმროს რაც შეეხება, სამწუხაროდ, მომხდარი ფაქტის შემდეგ არის ზარი 112-ში შესული. სასტუმროს ნაწილში, შესაძლებელი იყო მომხდარიყო დროული პრევენცია. როგორც ვიცი, საკუთარი ძალებით ეცადნენ.
რაც შეეხება გიორგის დაზიანებებს, მოთხოვნილია ექსპერტიზები, ჯერჯერობით არ არის ჩატარებული.“, - განაცხადა კაპანაძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ რუსი ტურისტი ქალების ჩვენებები ერთმანეთის იდენტური არ არის. გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ჩვენებები მართლაც ცდება ერთმანეთს.
საქმის მასალების შესახებ ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ, თუმცა გარკვეულ საკითხებში მათი ჩვენებები ცდება ერთმანეთს. მიმდინარეოსბ გამოძიება, წინ კიდევ არის ორი თვე მტკიცებულებების მოსაპოვებლად", - ამბობს ადვოკატი.
კითხვას, საპროცესო შეთანხმებას განიხილავს თუ არა დაცვის მხარე, ლაშა კაპანაძე ასე პასუხობს: „საქმის სტრატეგიიდან გამომდინარე, ჯერ ამ საკითხზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გამორიცხული არ არის არაფერი“.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მას აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი, მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
როგორც ადგილიდან "პირველების" კოორესპოდენტი იტყობინება, პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ "ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა".
რა მოხდა 18 ივლისს?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა.