ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაო გადავიხადოთ - სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატი
სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატი ადსტურებს, რომ გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებულ 5000 ლარიან გირაოს სასტუმრო გადაიხდის. როგორც უფლებადამცველმა სერგი ცანავამ განაცხადა, სასტუმრო გირაოს გადახდის გადაწყვეტილება იმ დისკომფორტის შესამსუბუქებლად მიიღო, რასაც ქორწილის დღეს სწორედ მათ სასტუმროში ჰქონდა ადგილი.
ცანავამ ასევე თქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მათთვის საჭირო მასალები ამოიღეს.
მისივე განმარტებითვე, სასტუმროს ვოდეო კადრები ხმის გარეშეა, ვინაიდან ხმის ჩაწერა არ ხდებოდა.
„გუშინ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, საღამოს დამატებითი ინფორმაცია, ვადასტურებთ, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში მხარეებს შესთავაზა, რომ გარკვეულწილად მათთვის მიყენებული ეს დისკომფორტი შეემსუბუქებინა და დიახ, გირაოს გადახდას ვგულისხმობ. რამდენადაც საქმის კურსში ვართ, ეს დღეს ადვოკატებმა გააჟღერეს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ ეს შეთავაზება განხორციელდა, ჩვენ მზად ვართ, გირაოს ეს თანხა გადავიხადოთ.
საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, ჩაატარეს შესაბამისი ჩხრეკა და ამოღება, მათთვის საჭირო დოკუმენტაცია, მტკიცებულებები ამოიღეს", - განაცხადა ცანავამ.
ადვოკატის თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ფაქტის შემდეგ მივიდა, თუმცა, გამოძახება უფრო ადრე განხორციელდა.
- თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მას აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი, მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
როგორც ადგილიდან "პირველების" კოორესპოდენტი იტყობინება, პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ "ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა".
რა მოხდა 18 ივლისს?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა.