"გამოკვლეული მტკიცებულებები შეეხებოდა USAID-ს, ნანუკას და ადამიანის უფლებათა ფონდებს" - რა ხდება 8 პოლიტიკოსის პროცესზე

21.07.26 15:32
"გამოკვლეული მტკიცებულებები შეეხებოდა USAID-ს, ნანუკას და ადამიანის უფლებათა ფონდებს" - რა ხდება 8 პოლიტიკოსის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის საქმის პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა, მანამდე მოსამართლეს 1-საათიანი შესვენება ჰქონდა გამოცხადებული. 

როგორც ადვოკატები "პირველებთან" ამბობენ, დღევანდელ პროცესზე გამოიკვლიეს მტკიცებულებები, რომლებიც USAID-ის,"ნანუკას ფონდს", ადამიანის უფლებათა ფონდს​ შეეხებოდა - "მათ გადარიცხვებს, ჯარიმების ანაზღაურებას".

ადვოკატის, ეკა ეგუტიას განმარტებით, როდესაც დაცვის მხარემ იკითხა, თუ რა კავშირში იყო ფონდების საქმიანობა მოცემულ პროცესთან, პროკურატურის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ "დაახლოებით კავშირი ის არის, რომ ოპოზიციის ლიდერები აქეზებდნენ მოქალაქეებს, რომ საპროტესტო ტალღა ყოფილიყო".

დღევანდელი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, ეხებოდა ფონდებს USAID-ს, "ნანუკას ფონდს", ადამიანის უფლებათა ფონდს, მათ გადარიცხვებს, ჯარიმების ანაზღაურებას და პროტესტის მონაწილეებისთვის თუ რატომ იხდიდნენ ჯარიმებს ეს ფონდები,წამოაყენეს მტკიცებულებად. ჩვენ დავსვით კითხვა, რა კავშირი აქვს ამას საბოტაჟთან და ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, როგორც ბრალდებულების საქმესთან - მათ ვერ განგვიმარტეს, რა კავშირია, უბრალოდ დაახლოებით კავშირი ის არისო, რომ აქეზებდნენ მოქალაქეებს, რომ საპროტესტო ტალღა ყოფილიყოო. დიახ, დაახლოებით კავშირზეა საუბარი. კი, დაახლოებითი კავშირი აქო იმიტომ, რომ ისინი უხდიდნენ ჯარიმებსო, ესო არ შეიძლებაო, ჯარიმის გადახდაო, რატომ არ შეიძლებაო, ეს კიდევ ცალკე თემაა," - ამბობს ეკა ეგუტია. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, იურსიტი ლევან სამუშია ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე "ბრალდება იკვლევდა იმას, თუ რა ცუდი ორგანიზაციაა USAID-ი და ცდილობდა ამის დამტკიცებას". 

მისივე თქმით, საქმეში მოტანილია სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები. 

ბრალდება იკვლევდა იმას, თუ რა ცუდი ორგანიზაციაა USAID-ი და ცდილობდა ამის დამტკიცებას, მოყვანილი იქნა ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირების პოლიტიკური განცხადებები USAID-თან დაკავშირებით. მოტანილია საქმეში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები. ჩვენ გვინახავს სპორტული სხვადასხვა ნაკრებები, მაგრამ როგორც იურისტს შემიძლია გითხრათ, რომ პირველად ვნახე სისხლის სამართლის საქმის ნაკრები იმიტომ, რომ სხვადასხვა საქმეებიდან მოტანილი მასალები, დაზარალებულად ცნობის დადგენილებები, სხვადასხვა რაღაც მასალები, ამასთან დკავშირებით არც ამ საქმეში არაა არავინ დაზარალებულად ცნობილი, არც მოწმე არ არის დაკითხული, არაფერი საქმეში არ არსებობს," - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის მტკიცებით, საქმეში დოკუმენტურად არის აღბეჭდილი ბრალდებული პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები, რომლებიც "პირდაპირ არის მოწოდებები ძალადობისკენ". 

ამ საქმეში დოკუმენტურად არის აღბეჭდილი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები, რომლებიც პირდაპირ არის მოწოდებები ძალადობისკენ, შეიძლება ითქვას და იმ კონკრეტულ ვითარებაში პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების გამოწვევისკენ. შესაბამისად, დეტალურად ვიკვლევთ მათ ყველა საჯარო განცხადებას იქნება ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, კონკრეტული ტელევიზიის საშუალებით გადაცემული პირდაპირ ეთერში, თუ სხვა რომელიმე პლატფორმაზე განთავსებული. 

გარდა აღნიშნულისა, ასევე ვიკვლევთ იმ პირთა წრეს, რომლებიც დაზიანდნენ სწორედ ამ აქციების შედეგად," - ამბობს ანი ხუბეჯაშილი. 

ამ დროისთვის, დახურულ სასამართლო პროცესზე პროკურორები პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს კითხულობენ. 

  • შეგახსენებთ, რომ სხდომა დახურულია, შესაბამისად მედიის წარმომადგენლებს პროცესზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.