„კოალიცია ცვლილებისთვის“ EU-ს ლიდერებს სპეციალურ მიმართვას უგზავნის
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის ლიდერებს სპეციალურ მიმართვას უგზავნის, რათა სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი.
როგორ გიგა ლემონჯავამ განაცხადა, ევროკავშირი მზადაა სირიის დასახმარებლად, თუ ქვეყანა დაიცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის დაადასტურებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ სპეციალურ მიმართვას უგზავნის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რათა სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი. მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს სპეციალური მიმართვები სირიის პარლამენტისადმი, პოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო ცხადი გახდა: ევროკავშირი მზადაა სირიის დასახმარებლად, თუ ქვეყანა დაიცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის დაადასტურებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფონზე, ივანიშვილის რეჟიმი სტრატეგიულ მოკავშირედ აცხადებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ექვემდებარება კრემლს, რომელსაც ჩვენი მიწები აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ცნობისთვის, დღეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხზე ნებისმიერი ზეწოლა „სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“.
დე ფაქტო უწყების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკავშირმა სირიის ახალ სახალხო ასამბლეასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა დამასკოსთან იმუშაოს ასადის რეჟიმის იმ გადაწყვეტილებების გადასახედად, რომლებმაც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა აღიარა.
ცხინვალში აცხადებენ, რომ სირიის მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება „სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოხატულება“ იყო და მისი გადახედვა გარე ზეწოლის შედეგად არ უნდა მოხდეს.