პოლიტიკური ლიდერების საქმე - უშუქობის გამო სასამართლო პროცესი 22 ივლისისთვის გადაიდო
პოლიტიკური ლიდერების საქმე - სასამართლო პროცესი, რომელიც მტკიცებულებების გამოკვლევას ეთმობოდა, ხვალისთვის, 22 ივლისისთვის გადაიდო.
მიზეზი უშუქობა გახდა, რის გამოც შენობაში გაგრილების სისტემა არ მუშაობდა.
მოსამართლემ პროცესზე მოითხოვა, მტკიცებულებების გამოკვლევა ივლისის ბოლომდე დასრულდეს, რათა შემდეგ მომდევნო სხდომების გეგმა გაიწეროს.
საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის თქმით, განრიგი, თუ როგორ მოხდება შემდგომი პროცესების ჩანიშვნა, შეთანხმების პროცესშია და ამას სასამართლო განსაზღვრავს, ხოლო, რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევას, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
განრიგი შეთანხმების პროცესშია, რა თქმა უნდა, ამას განსაზღვრავს სასამართლო, ჩვენ ხვალ და ზეგ ვაგრძელებთ სხდომებს, ვართ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე და კონკრეტული გადაწყვეტილება, შემდეგი კვირა როგორ გააგრძელებს მოსამართლე საქმის განხილვას, ეს ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
დღეს გამოვიკვლიეთ 12 ტომი, ყოველდღე ინტენსიურად ვმუშაობთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. ხანგრძლივოაბს ასე ვერ განვსაზღვრათ, რადგან მუშა პროცესია და დამოკიდებულია მხარეების პოზიციაზე. რიგ შემთხვევაში არის საკითხები, რომელიც მხარეებს შორის კამათის საფუძველიც ხდება, ამიტომ წინასწარ რაიმეს განსაზღვრა, არ იქნება მართებული, - განაცხადა პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა.
სასამართლო პროცესების გადადებას არ გამორიცხავს ადვოკატი, ეკა ეგუტია. როგორც ის ამბობს, მოსამართლეს ეჩქარება, თუმცა, ბევრი ტომია და ცოტა რთულია დასრულება.
იმდენი ტომია გამოსაკვლევი, რომ დღეს, ხვალ და ზეგ, სამივე დღე გვაქვს გამოსაკვლევად და კიდევ იქითა კვირა. აგვისტოზე უნდა შეთანხმდეს, მოსამართლემ უნდა გვითხრას, გავდივართ თუ არა შვებულებაში, ეს ვითარებაა. კიდევ ვიდეოებია, გამოსაკვლევი, რომელსაც საათები დასჭირდება. შესაბამისად, მასალა დიდია.
მოსამართლეს ზოგადად ეჩქარება, გვითხრა, რომ იქნებ დავასრულოთ წერილობით მტკიცებულებები, თუმცა, ვხედავთ, რომ ბევრი ტომეულია და არ ვიცი, როგორ დავასრულებთ, - ამბობს ადვოკატი, ეკა ეგუტია.
ცნობისთვის, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარობდა, შესაბამისად მედიის წარმომადგენლებს პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.