პარალიზებული ქუჩები და ჩაძირული მანქანები - რატომ იტბორება თბილისი ყოველი წვიმის დროს?

21.07.26 20:23
პარალიზებული ქუჩები და ჩაძირული მანქანები - რატომ იტბორება თბილისი ყოველი წვიმის დროს?

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქი ისევ დატბორა. სანიაღვრე სისტემები კვლავ ვერ გაუმკლავდა წყლის ნაკადს. იმის ნაცვლად, რომ წყალი გაეტარებინა, სანიაღვრეებიდან უკან ამოდიოდა. თბილისის არაერთ ქუჩაზე ნამდვილი ჩანჩქერები წარმოიქმნა, ავტომობილები წყალში დაცურავდნენ, ავტობუსების მოძრაობა შეფერხდა, გზებზე კი კილომეტრიანი საცობები შეიქმნა.

მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ყველაზე მძიმე ვითარება ღამით აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანსა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. ძლიერი წვიმის გამო დროებით ჩაიკეტა თამარაშვილის გამზირიც. გზის სავალი ნაწილი დაიტბორა იუსტიციის სახლის მიმდებარედაც.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე წყლის დონე იმდენად გაიზარდა, რომ მძღოლებს ავტომობილები შუა გზაში გაუჩერდათ. ნიაღვარმა გზებზე ქვა-ღორღიც ჩამოიტანა. დედაქალაქი კიდევ ერთ ძლიერ წვიმას მოუმზადებელი შეხვდა.

ყოველწლიურად თბილისის მერია სანიაღვრე სისტემების გაწმენდაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მხოლოდ გასულ წელს გაიწმინდა 147 ათასი მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელი და 47 ათასზე მეტი სანიაღვრე ჭა. მიუხედავად ამისა, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქი ისევ იტბორება.

მერია დატბორვის მიზეზად ტრადიციულად დანაგვიანებულ სანიაღვრე არხებს ასახელებს, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრობლემა მოძველებული ინფრასტრუქტურა და არაეფექტიანი მართვაა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები