რესპუბლიკის მოედანზე ქვაფენილს აყრიან - გზა ვიწროვდება და კუნძულები გაჩნდება
რესპუბლიკის მოედანზე ქვაფენილს აყრიან - ამის შესახებ ცნობილი მერიის მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცის პროექტის დარენდერებული ფოტოებით გახდა.
ფოტოების მიხედვით, მოედანზე არსებული ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება და შევიწროვდება გზის საფარი. გამყოფ ზოლში ხეებს დარგავენ.
იგეგმება რუსთაველზე ველო ბილიკების მოწყობაც - ტროტუარზე განთავსებული ფილები გამოიცვლება.
რუსთაველის რეაბილიტაციის გეგმაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმაც ისაუბრა.
„დღეს არ გიზიდავს ფეხით სიარული რუსთაველის გამზირზე - ახალი დიზაინით თითოეული საგზაო მონაწილესთვის ის თანაბრად კომფორტული იქნება,“ - თქვა მან.
ბაგაშვილის თქმით, ახალი რუსთაველის გამზირი ყველაზე მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებული იქნება.
„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რუსთაველის გამზირი იყოს ადაპტირებული საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის და არა მხოლოდ მანქანებისთვის. ახლა ის მხოლოდ ავტომობილების გამზირია.
ადამიანებს არ შეუძლიათ ქუჩის გადაკვეთა თუ არ ჩავლენ მიწისქვეშა გადასასვლელში, რაც მერწმუნეთ, არამარტო მოხუცებისთვის ან ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, არამედ ჩვენთვისაც ძალიან არაკომფორტულია. არ გიზიდავს ფეხით სიარული ამ გამზირზე დღეს.
ახალი მულტიმოდელური დიზაინით, თითოეული საგზაო მონაწილისთვის - ეს იქნება ქვეითი, ველოსიპედის მგზავრი, ავტობუსის თუ მანქანის მგზავრი იქნება თანაბრად გადანაწილებული, ხელმისაწვდომი და კომფორტული,“ - განაცხადა მან.
ნინო ბაგაშვილის თქმით, განახლდება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებიც.
„აბსოლუტურად ახალ სიცოცხლეს შეიძენს მიმდებარე ქუჩებიც. კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩა და ა.შ.“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს ღამის 12 საათიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება.
მომდევნო 4 თვის განმავლობაში რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.