ოპოზიციის დევნის საქმე - ადვოკატები ასახელებენ ქვეყანას, რომელსაც მათი თქმით, პროკურატურა "მტრულ სახელმწიფოში" გულისხმობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს - დღეს პროკურატურამ პროცესზე მიიტანა პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები და მტკიცებულებების ფარგლებში სხდომათა დარბაზში კითხულობს.
- საჯარო განცხადებების კითხვა არსებული ინფორმაციით, 18:00 საათამდე გაგრძელდება.
უფლებადამცველების შეფასებით, ახლა საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური განცხადებების კრიმინალიზება ხდება.
ასევე როგორც "პირველებს" ადვოკატებმა უთხრეს, ის რაც ბრალში ვერ ჩაწერა პროკურატურამ, თუ ვის გულისხმობდა "მტრულ სახელმწიფოში", სასამართლოს სხდომათა დარბაზში გაცხადდა.
უფლებადამცველების თანახმად, სახელმწიფო ბრალდება "მტრულ სახელმწიფოში" შეერთებულ შტატებს გულისხმობდა.
რაც შეეხება სხდომაზე მიტანილ პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებს, გიორგი ვაშაძის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, უმეტესი განცხადებები 2022-23 წლებშია გაკეთებული და არავითარი კავშირი არ აქვს 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარე მოვლენებთან.
მტკიცებულებების სხვა დიდი ნაწილი, რომელსაც კითხულობენ, აქაც ცხადი და ერთმნიშვნელოვანია - თვითონვე ადასტურებენ, რომ შემხებლობაში არ არის უშუალოდ წარდგენილ ბრალთან. მაგალითისთვის, წაკითხული და გამოქვეყნებული იქნა გიორგი ვაშაძის ის სტატიები, რომლებიც რეალურად დათარიღებულია 2023 წლით და არავითარი კავშირი არ აქვს მაგალითად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარე მოვლენებთან.
გამოქვეყნებული და წაკითხულ იქნა განცხადებები, რომელიც გაკეთებულია სხვა დროს 2022-23 წლებში, სხვა კონტექსტში და სხვა შემთხვევაში. ერთ-ერთი განცხადება, რაც საგულისხმოდ და ნიშანდობლივად გვეჩვენა გახლდათ ის, რომ გამოქვეყნებულ იქნა ამონარიდი პირდაპირი სატელევიზიო ეთერიდან ტექსტუალური სახით, სადაც გიორგი ვაშაძე პოლიციელებს მოუწოდებს, შეწყვიტოს გინება აქციის მონაწილეების მიმართულებით. ამის წაკითხვა მოუწიათ თვითონ პროკურატურის წარმომადგენლებს.
მაგალითად, გუშინდელი დღის დიდი ნაწილი მიეძღვნა ტაკერ კარლსონის განცხადებების გამოქვეყნებას, რამდენად ცუდია "იუ ე სეიდი" რამდენად ცუდია "ნედი" და რამდენად ერეოდა "სი აი ეი" მათ საქმიანობაში, ან მათი მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით როგორ ატარებდა პოლიტიკას", - აცხადებს ომარ ფურცელაძე.
ირკვევა, რომ სახელმწიფო ბრალდებად სხდომათა დარბაზში "ლელოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებიც კი მიიტანა - როგორც ადვოკატმა, ეკა ეგუტიამ მედიას უთხრა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აღნიშნულ განცხადებებში ამბობენ, რომ "უკრაიანს მთელი ცივილური სამყარო უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ".
ძალიან ყურადღებით ველოდებოდით, რომ რაიმე მტკიცებულება ისეთი იქნებოდა, სადაც კანონდარღვევის ნიშნები იკვეთება. გვაქვს განცხადებები, გვაქვს არასამთავრობოების ანგარიშებს დაყადაღებსი საკითხი, საერთოდ რა შუაშია ეს. გვაქვს ის საკითხი, რომ ჯარიმებს უხდიან მოქალაქეებს და ეს არის თურმე დანაშაული და ამ პოლიტიკოსებს რატომ შეერაცხებათ ეს დანაშაული, ესეც ვერ გავიგე. გვაქვს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები, სადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამბობენ, რომ უკრაიანს მთელი ცივილური სამყარო უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ. ესეც თურმე არის კანონდარღვევა. ანუ, ჩვენს წინაშეა მტკიცებულებების ნაკრები, რომლითაც პოლიტიკოსებსი საჯარო გამონათქვამები ემიერიდან ისჯება კანონით", - ამბობს ადვოკატი.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.