ჯარიმები უბილეთოდ მგზავრობისთვის - რას ამბობენ მოქალაქეები

22.07.26 15:54
ჯარიმები უბილეთოდ მგზავრობისთვის - რას ამბობენ მოქალაქეები

უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებულ ჯარიმებს მოქალაქეების ნაწილი ზედმეტად მაღალსა და არაპროპორციულს უწოდებს. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მგზავრობის საფასური გადახდილია, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მოქალაქეები მაინც ჯარიმდებიან. მოქალაქეები აცხადებენ, რომ არსებული სანქციები მოსახლეობის შემოსავალს არ შეესაბამება და ჯარიმის ოდენობის გადახედვას ითხოვენ. 

მქონდა შემთხვევა, რომ არ მუშაობდა თიტქოს აპარატი, მეგონა, რომ დავაფიქსირე და იმ წუთას ჩასაფრებულები რომ არიან, დაგდევენ უკან ყოველ ნაბიჯში. ვეუბნებოდი, რომ გადავიხადე. მერე ავდექი, საქართველოს ბანკში დავრეკე და მოვასმენინე, რომ ნამდვილად გადახდილი მქონდა. ჩვენ, ვინც ხელფასზე ვმუშაობთ, 20 ლარი ძალიან ბევრია.

თუ ჯარიმაა, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, უნდა გადაიხადო. მხოლოდ ერთხელ დავჯარიმდი ისიც არასწორად, ბარათმა არ გაატარა და ჩამოვედი ნახევარ გაჩერებაზე და არ გაითვალისწინეს და დამაჯარიმეს.

ზოგადად, ყველა ჯარიმა არის კოლოსალური, რაც არ არის მორგებული ჩვენს ხელფასებზე, საქართველოს მოქალაქეების ხელფასებზე და ეს არის ჯიბეში უკანონოდ ხელის ჩაყოფა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ვერ დავეთანხმები, რომ სისტემური ხასიათი მიეცეს უბილეთოდ მგზავრობას, რა თქმა უნდა, ამას კონტროლი სჭირდება, მაგრამ სასურველი იქნებოდა, ნამდვილად 20 ლარი ძალიან ბევრია, ალბათ 5-დან 10 ლარამდე შეიძლებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.