რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო "შაბათის მარშის" მარშრუტი იცვლება

22.07.26 17:47
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო "შაბათის მარშის" მარშრუტი იცვლება

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო "შაბათის მარშის" მარშრუტი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას "ერთი ხალხი - ერთი საქართველო" ავრცელებს. 

"შაბათის მარში" 25 ივლისს, 19:00 საათზე, ავლაბრის მოედნიდან დაიწყება და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება. 

რუსული ოკუპაცია საქართველოსთვის მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ არის - ეს არის დღემდე მიმდინარე რეალობა.
1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ძალით წაართვა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992-1993 წლებში რუსეთის სამხედრო ჩარევამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი ადამიანი საკუთარ სახლ-კარს მოსწყვიტა. 2008 წელს რუსეთი კვლავ შემოიჭრა საქართველოში. დღეს ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ ოკუპირებულია.
თუმცა, ოკუპაცია მხოლოდ მავთულხლართებით აღარ იზომება. ის ვლინდება მაშინაც, როდესაც ადამიანები სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო ტოვებენ სამშობლოს; როდესაც ახალგაზრდები საკუთარ მომავალს საქართველოში ვეღარ ხედავენ; როდესაც ქვეყანა შორდება ევროპულ განვითარებას და ავტორიტარული მმართველობის გზას ადგება.
ამ ფონზე, უკონტროლო ემიგრაციამ და გაზრდილმა მოთხოვნამ უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდაც გამოიწვია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის მზარდი ტენდენცია, და გაფართვებული ეკონომიკური გავლენა საზოგადოებაში აჩენს შეშფოთებას ქვეყნის დემოგრაფიული მდგრადობისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით.
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მტრებად ცხადდებიან, მართლმსაჯულება ერთი კაცის ძალაუფლების ინტერესს ემსახურება, ხოლო ხელისუფლება საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს. ეს არის პუტინის რუსეთის მოდელი. სწორედ ასეთი საქართველოს შექმნას ეწინააღმდეგებიან ადამიანები, ვისაც თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა სურთ.
ჩვენ არ გვინდა ქვეყანა, სადაც შიში სძლევს თავისუფლებას.
ჩვენ არ გვინდა ქართველებისგან დაცარიელებული საქართველო.
ჩვენ არ გვინდა ქვეყანა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს შორდება და ავტორიტარულ რეჟიმებთან აახლოებს საკუთარ მომავალს.
ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც ერთეულები ხალხის ხარჯზე არ მდიდრდებიან და ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, ღირსეული შრომით გაიუმჯობესოს საკუთარი სოციალური მდგომარეობა.
ჩვენ გვინდა საქართველო, სადაც კანონი ყველასთვის ერთია, სადაც ღირსება არ იყიდება, თავისუფლება არ ითრგუნება და მომავალს ქართველი ხალხი თვითნ ქმნის.
25 ივლისს ერთად ვიტყვით, რომ არასოდეს შევეგუებით რუსულ ოკუპაციას - არც სამხედრო, არც პოლიტიკურ, არც ეკონომიკურ, არც კულტურულ და არც გონებრივს.
ჩვენ ერთი ხალხი ვართ. ერთი ისტორია, ერთი კულტურა და ერთი საქართველო გვაქვს.
25 ივლისის, 19:00, ავლაბრის მოედნიდან - კანცელარიამდე.
არა რუსულ ოკუპაციას!" - წერს "ერთი ხალხი - ერთი საქართველო".