ხვალიდან რუსთაველის გამზირი იკეტება - ტურისტული სეზონის პიკზე მერიამ მთავარი გამზირის რეაბილიტაცია გადაწყვიტა

22.07.26 21:17
ხვალიდან რუსთაველის გამზირი იკეტება - ტურისტული სეზონის პიკზე მერიამ მთავარი გამზირის რეაბილიტაცია გადაწყვიტა

რამდენიმე საათში ქვეყნის ცენტრალური გამზირი მომდევნო 4 თვის განმავლობაში სრულად ჩაიკეტება. მერია გამზირის რეაბილიტაციას იწყებს, ამ სამუშაოების გამო შეიზღუდება კაფეებისა და რესტორნების გარე სივრცეების მუშაობაც. ყველაზე დიდი გამოწვევა ტურისტულ სეზონზე რუსთაველის დაკეტვა სწორედ კერძო ბიზნესისთვისაა, მათ მერიისგან გაფრთხილება 2 დღით ადრე მიიღეს.

სად წავა პროტესტი?  ყოველ შაბათს დაგეგმილი მარში ისევ ძალაში რჩება, მაგრამ იცვლება ლოკაცია და მარშრუტი. ფილარმონიის ნაცვლად ამჯერად მარშის მონაწილეები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

რა ვიცით პროექტზე და ტენდერზე? ჯერჯერობით გამზირის რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი საჯაროდ არ იძებნება, თუმცა ირკვევა, რომ რესპუბლიკის მოედანზე ქვაფენილებს აყრიან, გზას დაავიწროვებენ და გაჩნდება კუნძულები. ვიცით ისიც, რომ იგეგმება მიწისზედა გადასასვლელების, ე.წ ზებრა გადასასვლელების დახაზვა. 2 წელი და 3 უშედეგო მცდელობა დასჭირდა მერიას რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასაწყებად. რომელიც  ქართული ოცნების შემომწირველ კომპანიას, ბექა ოდიშარიას ქვისლის „სმარტ სოლუშენსს“ ჩააბარეს.

თბილისის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას 2 წელია ცდილობს, თუმცა შესყიდვა სამჯერ ჩავარდა, რადგან არც ერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. ბიზნესმენებიც ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებდნენ. 2026 წლის დასაწყისში მესამედ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ შესყიდვის ფასი 3 მლნ - ით გაზარდეს და ახლა ჯამში 20 მლნ-მდე უნდა გადაუხადონ კომპანიას, რომელიც ლევან გოგსაძეს ეკუთვნის.

უკვე დიდი ხანია, რაც სახელმწიფო შესყიდვებში ძირითადად ის ბიზნესები გვხვდებიან, ვინც ქართულ ოცნებასთანაა კავშირში. ექსპერტები ხსნიან, რომ ეს ივანიშვილის პარტიის მიერ შექმნილი სისტემის დამსახურებაა - რადგან ბიზნეს ველზე მხოლოდ პარტიისადმი ლოიალური კომპანიები შემორჩნენ.

ახლა საინტერესოა ეყოფა თუ არა გოგსაძის კომპანიას 100 დღე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის, ოპოზიცია ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს, მათ აქვთ ეჭვი, რომ ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს მერიაა დათქმულ ვადებში პროექტის ჩაბარებას.

დიანა ჩირგაძე თემის დეტალებით

მსგავსი სიახლეები