ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

22.07.26 20:27
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება საგანგაშოდ მიიჩნევს ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანისა და ჟურნალისტის დაპატიმრებას, "რაც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს". 

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიაჩნიათ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. 

ამასთან, განცხადების მიხედვით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება კოორდინირებული შეტევებითა და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით კრიტიკული მედიის საბოლოოდ განეიტრალებასა და საჯარო სივრციდან განდევნას ცდილობს.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება საგანგაშოდ მიიჩნევს ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრებას, რაც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა, რაც რუსულ-ბელარუსული სტილის ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ქმედებაა, როდესაც განსხვავებული, კრიტიკული აზრი ავტორიტარების მთავარი მტერი და სამიზნეა. ფაქტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზედმიწევნით ზუსტად აკოპირებს და ამკვიდრებს საუკეთესო რუსულ გამოცდილებას და ცდილობს საზოგადოება შეაგუოს მოცემულობას, როდესაც ადამიანები მათი პირადი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოხატვისთვის ისჯებიან და ამგვარი მიდგომა ნორმად აქციოს. 

22 ივლისს, სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მანამდე, იმავე მიზეზით, ვახო სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს.

აშკარაა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დამოუკიდებელი მედია და თითოეული კრიტიკული ხმა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს, რადგანაც სწორედ ისინი ამხელენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული პირების სავარაუდო კორუფციულ თუ სხვა შესაძლო დანაშაულებრივ კავშირებს და საზოგადოებას სახელისუფლებო შტოებში არსებულ მანკიერებებზე უყვებიან. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო რეალურ დანაშაულებს იძიებდეს და პასუხისმგებელ პირებს სათანადოდ სჯიდეს, „ქართული ოცნება“ მამხილებლების დევნით არის დაკავებული და მათ გასაჩუმებლად მისმიერვე მიღებულ რეპრესიულ კანონებს იყენებს. ამ კონტექსტში, ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაა, რომლის წინააღმდეგაც მთელი სახელმწიფო რეპრესიული აპარატია მომართული.

წლებია, სამართალდამცველი ორგანოები, სასამართლო სისტემა, კომუნიკაციების კომისია და პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი გაჩუმების ინსტრუმენტებად აქვს ქცეული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კოორდინირებული შეტევებითა და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით კრიტიკული მედიის საბოლოოდ განეიტრალებასა და საჯარო სივრციდან განდევნას ცდილობს. 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 17316 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვახო სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ამ კოდექსს 2025 წლის თებერვალში დაუმატა დაჩქარებული პროცედურით, რაც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდა. სწორედ ამ მუხლის აღსასრულებლად შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სტქრუტურა, რომელსაც საზოგადოებაში ირონიულად „სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტს“ უწოდებენ. 

სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას, კრიტიკულ მედიასა და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის სამიზნე გახდა. დამოუკიდებელი მედია ფასდაუდებელ სამსახურს სწევს ქვეყნისთვის ამ კრიტიკულად გადამწყვეტ მომენტში და შეზღუდული რესურსების პირობებშიც სათანადოდ ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას," - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციების სრული სია: https://bit.ly/4fKk2M1

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები