"დედაქალაქის მთავარი პრობლემა არის უპასუხისმგებლო და უცოდინარი მერი" - ირაკლი აბესაძე
"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებლის ირაკლი აბესაძის განცხადებით, "დედაქალაქის მთავარი პრობლემა არის უპასუხისმგებლო და უცოდინარი მერი კალაძე".
მისი თქმით, თბილისს საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აქვს, ხოლო თბილისის მერიაში არსებობს საკმარისი ცოდნა, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში პრობლემები მნიშვნელოვან წილად იქნებოდა შემსუბუქებული.
ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ თბილისში სანიაღვრე სისტემის გაწმენდაზე ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონ 500 ათასი ლარი იხარჯება. მისივე განცხადებით, ყველაზე მარტივია ფული მოიპარო მსგავსი ტიპის სამუშაოში.
მე მგონი, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დედაქალაქის მთავარი პრობლემა არის უპასუხისმგებლო და უცოდინარი მერი კალაძე. სხვა პრობლემა დღეს თბილისს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ აქვს იმიტომ, რომ თბილისს აქვს საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა, უკვე 2 მილიარდ 700 მილიონი თბილისის ბიუჯეტი. თბილისის მერიაში არსებობს საკმარისი ცოდნა, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში თბილისის მერის მხრიდან ის პრობლემები მნიშვნელოვან წილად იქნებოდა შემსუბუქებული, რაც დედაქალაქში არის, მაგრამ რაც ამ ყველაფერს ხელს უშლის, არის უპასუხისმგებლო და უცოდინარი მერი, რომელიც ყველაფრით არის დაკავებული, გარდა თბილისის პრობლემების მოგვარებისა.
როდესაც მაგალითად სანიაღვრეებზე ვსაუბრობთ, ჯერ ერთი თითქმის 4 მილიონ 500 ათასი ლარი იხარჯება სანიაღვრეების ყოველწლიურ მიმდინარე მოვლა-პატრონობაზე, ათეულობით მიმდინარე ლარი იხარჯება ახალი სანიაღვრეების მოწყობაზე. გვინახავს კადრები, რომ წყალი ცალკე მიდის და სანიაღვრეში უბრალოდ არ მიედინება ის წყალი იმდენად არაპროფესიონალურად, უცოდინრად არის ხშირ შემთხვევაში სანიაღვრეები მოწყობილი, ან უბრალოდ ის გაუწმენდავია.
ყველაზე მარტივია ალბათ ფული მოიპარო მსგავსი ტიპის სამუშაოში, მაგალითად ამტკიცო, რომ 147 კილომეტრი სანიაღვრე გაწმინდე 2025 წელს და ვინ შეგიმოწმებს, თუ მიმდინარე პერიოდში არ მიმდინარეობს შემოწმება, რეჟიმის შეცვლის შემდგომ, თუნდაც ერთი თვის, წლის ან ორი წლის მერე მოხდეს, შეუძლებელია ვინმემ აღმოუჩინოს 2025 წელს ის სანიაღვრეები გაწმინდა თუ არა. როგორც ჩანს, დიახ, ამაში იპარება ფული," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ძლიერმა წვიმამ თბილისი კვლავ დატბორა - წყლით დაიფარა ქუჩები, შეფერხდა მოძრაობა, გაჩერდა ავტობუსები და ავტომობილები. ყველაზე რთული ვითარება დიდი დიღმის, სოფელ დიღმის, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ერისთავის ქუჩაზე შეიქმნა. მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, ხოლო თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.