ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

23.07.26 13:08
ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს. უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვშ მყოფის მიმართ საუბარია ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე.

კატეგორიულად არ დავუშვებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის - ჯიმშერ ვიბლიანის და მისი ოჯახის სახელი რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ უმძიმეს და საზარელ ბრალდებებს, რომლებზეც დღეს საჯაროდ საუბრობენ! - ამბობს უფლებადამცველი. 

„ბოლო 24 საათი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დავიცავ, ჩემი პირადი შეტყობინებები პრაქტიკულად არ ჩერდება.

გულწრფელად ვიტყვი, რომ ამდენი შეტყობინებას, მასალას და ინფორმაციას ნამდვილად არ ველოდი.

თითოეულ ადამიანს უდიდეს მადლობას გადავუხდი ნდობისთვის. მასალებს ვინახავ და მხოლოდ საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ გავასაჯაროებ.

ამავდროულად, ინტერესით ვაკვირდები, როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ ერთი მხარის საჯარო განცხადებების საფუძველზე, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს ჯერ საერთოდ არ უსაუბრია. ბუნებრივია და გასაგები უმრავლესობის რეაქციაც.

ადვოკატის პროფესია სწორედ იმით განსხვავდება, რომ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, მტკიცებულებებით იღებს. ამიტომ მე მხოლოდ ფაქტები მაინტერესებს და არა მიზანმიმართული თავდასხმები.

კატეგორიულად არ დავუშვებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის - ჯიმშერ ვიბლიანის და მისი ოჯახის სახელი რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ უმძიმეს და საზარელ ბრალდებებს, რომლებზეც დღეს საჯაროდ საუბრობენ! მკაცრად ვემიჯნებით და ვგმობთ მსგავსი სიბინძურის რაიმე სახის შემხებლობას ჩემს კლიენტის სახელთან. გაოგნებული და შოკირებული ვართ თავად ისტორიით და უფრო მეტიც, ჯიმშერ ვიბლიანის სახელის რაიმე ფორმით ხსენებით სრულიად სვანეთისთვის მკრეხელურ და სამარცხვინო ამბავთან.

შეგახსენებთ, რომ მე არ ვარ ოთხი პირის ადვოკატი, არამედ ვიცავ მხოლოდ ერთი პირის - ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს, რომლის მიმართაც საჯაროდ საუბარია განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე. თითოეული პირისა და თითოეული ეპიზოდის სამართლებრივი შეფასება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს.

ორშაბათს გავმართავ პრესკონფერენციას. საზოგადოებას წარვუდგენ მხოლოდ იმ ინფორმაციასა და მასალებს, რომლებიც გადამოწმებულია. მერწმუნეთ, ბევრი კითხვაზე პასუხი, რომელიც დღეს არსებობს სრულიად სხვა ჭრილში გამოჩნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს - მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 

პოლიციამ 21-22 ივლისს ნატა ვიბლიანი დისტანციურად გამოკითხა.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.