ცნობილია ბათუმში დაჭრილი კაცის ვინაობა - ახალი დეტალები
ბათუმში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 31 წლის კაცი დაიჭრა, "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩო ბერიძეს ცეცხლი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო გაუხსნეს.
მძიმედ დაჭრილი კაცის მამა ყვება, რომ დამნაშავის ვინაობა უკვე ცნობილია პოლიციისთვისაც, თუმცა მის კვალზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებენ.
წალაპარაკება იყო მათ შორის რაღაცა, არ ვიცი. შელაპარაკება არ ყოფილა, პირდაპირ ჩამოუარა მოტოციკლით - ესროლა. გაქცეულია, ჯერ არ არის დაკავებული. პოლიციამ ყველაფერი იცის. ასეთ მდგომარეობაზეა ნასამართლევი და ციხეშიც ნაჯდომია ის ბიჭი. ალბათ უთვალთვალებდა, - ამბობს დაჭრილი კაცის მამა.
ბაჩო ბერიძე, რომელსაც ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კაფეში ათჯერ ესროლეს, ამ დრომდე რეანიმაციაშია. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
პაციენტი შემოვიდა მრავლობითი ჭრილობებით, შემავალი იყო როგორც გულ-მკერდის ღრუში, ასევე მუცლის ღრუში, მრავლობითი დაზიანებები იყო ნაწლავების, მოხდა მათი დაფლეთილი ნაწილის მოცილება და სხვა დაზიანებული ნაწილის აღდგენა. პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე,ს ახეზე გვაქვს ტრავმულ-ჰიმორადიული შოკის კლინიკის სურათო. პროგნოზთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ ვიტყვით დინამიკაში როგორ წავა სიტუაცია, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით, ჩვენ ვახერხებთ სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაციას, - ამბობს მედიკოსი.
შეგახსენებთ, რომ ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე 31 წლის კაცი გუშინ ჩაცხრილეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.