სოფიო სიგუა-შატბერავა ამბობს, რომ იოსებ სიგუასგან მუქარა პირდაპირ სასამართლოში მიიღო - რა ჩანს კადრებში
სოფიო სიგუა-შატბერავა ამბობს, რომ მეუღლისგან, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსან იოსებ სიგუასგან ბოლო მუქარა პირდაპირ სასამართლო დარბაზში მიიღო. ქალი აღნიშნავს, რომ მას ამის დამადასტურებელი ვიდეოც აქვს.
"პირველებმა" ასევე მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალები, სადაც ჩანს სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ქალი, დალეწილი სამზარეულო და სავარაუდო ადევნებაც.
მძიმე ბრალდებების ფონზე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, მისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს.
ყველაფერი ნათელია. ეს კადრები წარდგენილია დევნის ასპექტში, რომ ის ნამდვიალდ დევნას აწარმოებდა ჩემზე და პლუს კიდევ ბევრი რამ არის წარდგენილი. მოლოდინი მაქვს, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება და ვნახოთ. მე ამას ვამბობდი, რომ ამას ყველაფერს ვმალავდი და თვითონაც ლოგიკურია დამალავდა, მითუმეტეს სამმართველოს უფროსებს რატომ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, რომ ის ჩემზე ძალადობდა. ეს სრულებით ალოგიკურია. ისინი არიან ჩვეულებრივი ცრუ მოწმეები. ჩემი მხრიდან დევნის ფაქტშია რის ჩემი მეგობარი მოწმე, რომელიც შეესწრო - ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს და ამიტომ არის გამოძახებული. დღეის პროცესზე ეს იქნება, თუმცაღა პროკურატურის დაკითხვაზე იქნება N რაოდენობით მოწმე"- აღნშნავს სოფიო სიგუა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გახმაურებულ საქმეზე სხდომა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. პროცესზე დღეს იოსებ სიგუას მხრიდან მოქმედი პოლიციის მაღალჩინოსნები გამოიკითხებიან.
სოფიო სიგუას ადვოკატის თქმით, აღნიშნული მოწმეების სასამართლოში მიყვანა მისთვის გაუგებარია, რადგან არცერთი მათგანი ძალადობის ფაქტს არ შესსწრებია.
პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც იოსებ სიგუას ახლო მეგობრები არიან . ისინი არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და საერთოდ, რატომ მოჰყავთ მოწმეებად, ჩვენთვის გაუგებარია. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლდო პროცესის გაჭიანურებას და მისი გავლენის გამოჩენას. გამოძებსი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ, რომ მოვიყვანოთ ყველა ის მოწმე, რომელიც საქმეზე უკვე გამოკითხულია. თავად მოსამართლემ როგორც განაცხადა, გადასდის სხდომას არსებითში და შესაბამისად, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას", - ამბობს სოფია სიგუას ადვოკატი, თამარ ლუკავა.
იოსებ სიგუას ინტერესების დამცველს კი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო იოსებ სიგუას შემაკავებელ ორდერს გაუუქმებს.
გვაქვს დასაბუთებული მოლოდინი, რომ სასამართლო გააუქმებს გამოყენებულ შემაკავებელ ორდერს, რადგან შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს რაიმე სახის მტკიცებულებას. დღევანდელ პროცესზე წარდგენილი გვყავს მოწმეები, სოფიო სიგუასაც ჰყავს წარმოდგენილი ერთი მოწმე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შემაკავებელ ორდერში მის მიერ მითითებული მოწმეები, რომლებიც თითქოსდა შეესწრო იოსებ სიგუას მხრიდან მის მიერ განხორციელებულ კანონდარღვევის ფაქტებს, ვერ წარმოადგინა სასამართლოში. სამი ადამიანი, რომელიც მან მიუთითა შემაკავებელ ოქმში, არ იშუამდგომლა სასამართლოში მის დაკითხვასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ წამოყენებული ბრალდებები არის ცრუ და არ შეესაბამება რეალობას", - განაცხადა ადვოკატმა თეო გვაზავამ.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაქუმებაზე უარი უთხრა.
რა ვიცით ძალადობის საქმეზე?
4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.