დაპირისპირება სასტუმროში - რუსეთი თბილისისგან რეაგირებას ითხოვს
დაპირისპირება სასტუმროში - რუსეთი თბილისისგან რეაგირებას ითხოვს.
როგორც რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალებას, TASS-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განუცხადეს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოს ორგანოების მხრიდან რუს ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას ელოდება.
- როგორც ცნობილია, რუსეთს აქ საელჩო არ აქვს, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე 3 დედაქალაქს აღიარებს: თბილისს, ცხინვალსა და აფხაზეთს. ამის გამო თბილისს მასთან დიპურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, თუმცა რუსეთი შვეიცარიის საელჩოს გავლით ამუშავებს ინტერესების სექციას, ისევე როგორც თბილისი – მოსკოვში.
„საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემენ სიტუაციას, მათ შორის, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქის აგრესიულ ქმედებებს, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქის მიმართ, რომლის ვიდეოც მედიაში გავრცელდა“, – განაცხადეს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში.
რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში ასევე აღნიშნეს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის კონფლიქტის შესახებ ცნობილი მედიიდან გახდა, ვინაიდან დაზარალებულს დახმარებისთვის რუსეთის ინტერესების სექციისთვის არ მიუმართავს.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მას აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი, მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
როგორც ადგილიდან "პირველების" კოორესპოდენტი იტყობინება, პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ "ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა".
რა მოხდა 18 ივლისს?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა.