10 თვიანი ლოდინის შემდეგ ელჩმა კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგნალი გადასცა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ფაქტს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვით.
"ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ურთიერთობების დადებით დინამიკას.
შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით". - თქვა კობახიძემ.
ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2025 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა.