საია: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა "ოცნებისა" და სახელისუფლებო მედიის მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი გარემოს შედეგია
"ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა "ოცნებისა" და სახელისუფლებო მედიის მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი გარემოს შედეგია" - ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია" (საია) ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ იუმორისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა.
საია-ს განცხადებით, "ქართული ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ გარემოს ჯერ ქმნის, და შემდეგ ინარჩუნებს, რითაც, რეპრესიის სხვა ფორმებთან ერთობლიობაში, ჩნდება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების მნიშნველოვანი გამოწვევები.
ამასთან, განცხადების მიხედვით, ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისაგან შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს.
2026 წლის 22 ივლისს აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან თავს სამი პირი დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
თავდასხმას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი კოორდინირებული მედია კამპანია როგორც სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ანგარიშის, ასევე სახელისუფლებო მედიის მხრიდან. ამ კამპანიის ფარგლებში, მანიპულაციურად ვრცელდებოდა იუმორისტის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი ხუმრობის შინაარსი და ვრცელდებოდა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომ იუმორისტი “სიძულვილის ენას იყენებდა” ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, მიმართ. პარალელურად, აქცენტი კეთდებოდა იუმორისტის მიერ პრო-ევროპული საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაზე. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტში ტელეკომპანია რუსთავი ორი წერდა, რომ ხუმრობამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია და სრულად ციტირებდა პოსტს “ქეთევან მიქიაშვილის” ფეისბუქ ანგარიშიდან.ეს ანგარიში, “მითების დეტექტორის” მიერ 2026 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, კოორდინაციაში იმყოფებოდა “მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ სხვა ყალბ ანგარიშებთან და მის პოსტებს, ხშირად, სხვადასხვა სახელით ციტირებენ სახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენიდან მალევე პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. შსს-ს მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა. იგი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვსპრო-სახელისუფლებო მედიას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისაგან შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს.
პროსახელისუფლებო მედიის ასეთი ინსტრუმენტალიზაცია, სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს. აღნიშნულზე ყურადღებას ამახვილებს რეპუტაციული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგნიზაციის, ამნესთი ინთერნეიშენალის მიერ 2026 წლის ივნისში გამოაქვეყნებული ანგარიშიც საქართველოში რეპრესიების შესახებ. ანგარიში პროპაგანდით წახალისებულ ძალადობას რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად მიიჩნევს. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიერ შეცდომაში შემყვანი ნარატივების გავრცელებას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება პირდაპირი თავდასხმები და შევიწროების სხვა ფორმები რაც ნათლად წარმოაჩენს ონლაინ დეზინფორმაციასა და რეალურ ცხოვრებაში ძალადობას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ანგარიშში ამნესთი ინთერნეიშენალი საუბრობს სულ მცირე 6 ადამიანზე, რომლებიც 2023 წლიდან დისკრედიტაციის კამპანიის შედეგად გახდნენ ფიზიკური ძალადობის სამიზნე. აღსანიშნავია, რომ მედიები “იმედი” და “POSTV”, რომლებიც მსგავს კამპანიებში აქტიურად მონაწილეობენ, 2026 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი, პრო-რუსული ინფორმაციის გავრცელების გამო.
ასევე, მესამე პირთა მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყოფილ ადამიანებზე თავდასხმა წარსულში იდენტიფიცირებული ქცევის მოდელია. სახელმწიფოს მხრიდან, როგორც წესი, ძალადობის წახალისების და დაუსჯელობის ზოგადი გარემოს შექმნის შედეგად, უგულებელყოფილი რჩება მისი ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ძალადობისაგან და უზრუნველყოს მოძალადეთა სათანადო პასუხისმგებლობა. მაგალითად, 2026 წლის ივნისში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმში, აღნიშნული არის 2024 წლის საპროტესტო აქციებზე როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე ხელისუფლებასთან აფილირებული არაიდენტიფიცირებული ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე არსებული ლიმიტირებული პროგრესი.
ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა, და, ზემოთ განხილული სხვა ქცევის მოდელები, ერთიანობაში მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ გარემოს ჯერ ქმნის, და შემდეგ ინარჩუნებს, რითაც, რეპრესიის სხვა ფორმებთან ერთობლიობაში, ჩნდება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების მნიშნველოვანი გამოწვევები," - წერია განცხადებაში.