ოქრიაშვილზე თავდასხმა - SJC გამოძიებას მოუწოდებს უზრუნველყოს საქმეზე „პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო“ სიძულვილის მოტივისა და დევნის ელემენტების გამოკვეთა

23.07.26 15:03
ოქრიაშვილზე თავდასხმა - SJC გამოძიებას მოუწოდებს უზრუნველყოს საქმეზე „პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო“ სიძულვილის მოტივისა და დევნის ელემენტების გამოკვეთა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება იუმორისტსა და აქტივისტზე, ონისე ოქრიაშვილზე გუშინ მომხდარი ფიზიკურ თავდასხმის საქმეს და მიიჩნევს, რომ კონკრეტული მოძალადე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, იკვეთება მმართველი გუნდის და მის მიერ კონტროლირებული მედია ორგანიზაციების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც გამორჩეული მოქალაქე და იუმორისტი დისკრედიტაციის, დეჰუმანიზებისა და დევნის კოორდინირებული კამპანიის სამიზნე გახადეს.

გავრცელებულ განცხადებაში SJC წერს, რომ აღნიშნული ძალადობის ინციდენტი, სწორედ ქართული ოცნებისა და მისი პროპაგანდისტული მედიების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია.

ორგანიზაციის თქმით, არ არის შემთხვევითი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ კონტროლირებულმა მედიებმა რუსთაველის პროტესტის გამორჩენული აქტივისტი აიღეს სამიზნეში და მისი სოციალური დასჯა მოინდომეს.

სწორედ ამიტომ ჩვენი აზრით, განხორციულებული ჯგუფური ძალადობა, მით უფრო თუ ის თავდასხმელების მიერ წინასწარ ორგანიზებული იყო, უკავშირდება არა მხოლოდ ონისე ოქრიაშვილის იუმორისტულ გამოსვლას, არამედ უფრო ფართოდ, მის აქტივისტულ საქმიანობას და მიზნად ისახავს მის დაშინებასა და გაჩუმებას - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

SJC მოუწოდებს საგამოძოებო ორგანოებს უზრუნველყოს საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარება, მათ შორის ონისე ოქრიაშვილზე მოძალადე ყველა პირის იდენტიფიცირება და დასჯა, ძალადობის წინასწარი ორგანიზებისა და შესაძლო კოორდინაციის გარემოებების ნიუანსური შესწავლა.

ასევე უზრუნველყოს საქმეზე „პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო“ სიძულვილის მოტივისა და დევნის ელემენტების გამოკვეთა და საქმის სათანადო კვალიფიკაცია.

გუშინ, 22 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუმორისტსა და აქტივიტს, ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ონისე ოქრიაშვილის განცხადებით, ის რუსთაველის აქციიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში სამმა უცნობმა პირმა გააჩერა და კითხა „შენ ის არ ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა“. ძალადობაში ჩართული პირები შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალნენ. ერთ-ერთი მათგანი კი რამდენიმე საათში საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში და აღიარა მომხდარში მონაწილეობა.

23 ივლისს შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მის დისკრედიტაციასა და დეჰუმანიზებას ცდილობდა. საუბარია მანიპულაციურად მოჭრილ ვიდეო მონაკვეთზე, სადაც პოდკასტის სტუმრისათვის, ონისე ოქრიაშვილისთვის დასმულ შეკითხვაზე - „ვინმე გეზიზღება?“ - ოქრიაშვილს ჰიპოთეზური მაგალითი მოჰყავს, რომ სასაცილო იქნებოდა სტუმარს ნოდარ დუმბაძე ეზიზღებოდეს და ამ კონტექსტში ამბობს გინებას. თუმცა, სახელისუფლებო პროპაგანდამ ოქრიაშვილის ეს ხუმრობა კონტექსტიდან ამოგლიჯა და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს, ოქრიაშვილმა ნოდარ დუმბაძეს აგინა. 19 ივლისს აქტივისტმა და იუმორიტმა განმარტა, რომ სტუმრისთვის დასმულ შეკითხვაზე, თუ ვინ ეზიზღება ყველაზე მეტად, ,,ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული, რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“. ნოდარ დუმბაძის ხსენება იუმორისტის მხრიდან იუმორისტული პერფორმანსის ნაწილი იყო, რადგან თავად ნოდარ დუმბაძე იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალის რედაქტორიც იყო და არაერთხელ გამოუყენებია ეპატაჟური გამოხატვის ფორმები საკუთარი მოსაზრებების და კრიტიკის გამოსახატავად.

20 ივლისს, ტელეკომპანია იმედის ვებ-გვერდზე განთავსებული სიუჟეტის მიხედვით, მმართველი გუნდისთვის აღნიშნული ფაქტი „ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციაა“. სიუჟეტში რეპორტიორი ამბობს, რომ ოქრიაშვილის ხუმრობა „ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია“. სიუჟეტში ასევე საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც იუმორისტულ გადაცემასთან კავშირში საუბრობენ გარე, უცხოურ ძალებზე, რომლებიც ებრძვიან ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს. უფრო ფართოდ, არსებული მედია მასალების შინაარსი საზოგადოების აღმებში ქმნიდა ნარატივს, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტში ის ადამიანები მონაწილეობენ, ვინც ეროვნულ ღირებულებებს ებრძვის. ამასთან სიუჟეტებში ონისე ოქრიაშვილი დანახულია როგორც ოპოზიციური პარტიების აქტივისტი.

ონისე ოქრიაშვილი იხსენებს, რომ პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციების კამპანიის შემდეგ, უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში მან სოციალური ქსელებიდან მიიღო არა ერთი მუქარის შემცველი შეტყობინება, რომელიც მის იუმორისტულ გამოსვლას უკავშირდებოდა და რომელიც მათ შორის, სახლთან დახვედრისა და მასზე ძალადობის მუქარას შეიცავდა.

ამიტომ ჩვენთვის აშკარაა, რომ სტრუქტურულად აღნიშნული ძალადობის ინციდენტი, სწორედ ქართული ოცნებისა და მისი პროპაგანდისტული მედიების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია.

პროპაგანდისტული არხების და მათთან დაკავშირებული გვერდების ქცევის მოდელი აშკარაა: ისინი სამიზნეში იღებენ ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და შემდეგ მათი განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯით, მრავალრიცხოვანი მასალის მომზადებით, კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით კონკრეტული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევას ცდილობენ. ზიზღის ამგვარი მიზანმიმართული კულტივირება კი არა მხოლოდ საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღრმავებს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ თავდასხმამდეც მიდის.

ამასთან ამ საქმეში დასანახია კიდევ ერთი კონტექსტი, რომელიც ონისე ოქრიაშვილის ბოლო წლების უნიკალურ აქტივისტურ გამოცდილებას უკავშირდება. თითქმის 2 წელზე მეტია ის აქტიურად არის ჩართული რუსთაველის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვის პროტესტში და ქალაქის სხვადასხვა სივრცეში მნიშვნელოვანი აქტივისტური პერფორმანსები აქვს შესრულებული. ონისე მის საჯარო საქმიანობაში გამოირჩევა ნდობაზე დაფუძნებული აქტივისტური მიდგომებით და ქალაქის პერიფერიებში, მეტროში, ავტობუსებში შესრულებული პერფორმანსებით საზოგადოებას უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე ავტორიტარული და ანტისოციალური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ. შესაბამისად, არ არის შემთხვევითი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ კონტროლირებულმა მედიებმა რუსთაველის პროტესტის გამორჩენული აქტივისტი აიღეს სამიზნეში და მისი სოციალური დასჯა მოინდომეს.

სწორედ ამიტომ ჩვენი აზრით, განხორციულებული ჯგუფური ძალადობა, მით უფრო თუ ის თავდასხმელების მიერ წინასწარ ორგანიზებული იყო, უკავშირდება არა მხოლოდ ონისე ოქრიაშვილის იუმორისტულ გამოსვლას, არამედ უფრო ფართოდ, მის აქტივისტულ საქმიანობას და მიზნად ისახავს მის დაშინებასა და გაჩუმებას.

ნიშანდობლივია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და აქტიურმა სპიკერმა, ირაკლი ზარქუამ პრაქტიკულად ღიად გაამართლა ძალადობა და განაცხადა, რომ „იმდენი შეგნება თუ არ გაქვს, არ იხუმრო ეკლესიაზე, პატრიარქზე, მწერლებზე, ვერ დაგიცავს პოლიცია ყველგან... ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის „გაუტარებს“ ქართული საზოგადოება"

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია ჩანს სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 2024 წლის აპრილში და მაისში ,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების, სამოქალაქო აქტივისტების ცემის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი მუმლაძეს, ნიკო მანაგაძეს, გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს, ზურაბ ბერძენიშვილს და სხვებს. ყველა შემთხვევაში ადამიანებს რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფები უპირისპირდებოდნენ, ძალადობა უმეტესად დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებთან, სამუშაო ადგილებზე ან სხვა საჯარო სივრცეებში დემონსტრაციულად ხდებოდა და როგორც წესი ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში თავსდებოდა შეურაცხმყოფელი შინაარსის კომენტარებით, რაც ძალადობის პოლიტიკურ შინაარსს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენდა. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პრინციპულად არც ერთხელ არ დაუგმიათ აღნიშნული ძალადობის ფაქტები და უფრო მეტიც, აღნიშნიულ პარტიის აქტიური წევრი, დიმიტრი სამხარაძე, მის ღია მხარდაჭერასაც ახდენდა. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში იკვეთებოდა პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები და მნიშვნელოვანი იყო საქმეთა დროული გამოძიება.

იუმორისტული გამოხატვა, თუნდაც იგი შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყოს, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და დაუშვებელია იგი ძალადობის გამართლებისთვის იქნას გამოყენებული. სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ ადამიანები არ ხდებოდნენ თავდასხმის სამიზნე საკუთარი გამოხატვის გამო. ამასთან არსებითია სახელმწიფო უზრუნველყოფდეს მსგავსი შემთხვევის ეფექტიან გამოძიებას.

გამოხატვის თავისუფლების საკითხზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს მიერ მართული დეზინფორმაცია შეიძლება უშუალოდ სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ან მის მიერ მართული მარიონეტული ჯგუფებიდან მომდინარეობდეს, ხოლო ციფრულ ეპოქაში ახალმა ტექნიკებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ასეთი ოპერაციების მასშტაბი, სიჩქარე და გავრცელება. სახელმწიფოს ძალაუფლებასთან, რესურსებთან და წვდომის მასშტაბთან კომბინაციაში, მათმა ზემოქმედებამ შესაძლოა დამანგრეველი გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე.

ამ ფონზე კიდევ უფრო პრობლემურია, როდესაც ხელისუფლება სიძულვილის ენასთან ბრძოლაზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ მიზნით სპეციალური სამმართველოც შექმნა (რომელსაც სინამდვილეში სოციალურ ქსელებსა და მედიაში ცენზურის პოლიტიკის გატარებისთვის იყენებს), როდესაც აშკარაა, რომ ხელისუფლების კონტროლისა და კოორდინაციის ქვეშ მოქმედი მედიები თავად აორგანიზებენ კოორდინირებულ სიძულვილის კამპანიებს კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, არსებობს რისკი, რომ ამგვარ მოვლენებს ექნება მსუსხავი ეფექტი და სხვა აქტიცისტების, ხელოვანებისა და სხვა აქტიური ადამიანების გამოხატვის თავისუფლებაზე გავლენას მოახდენს.

მნიშვნელოვანია რომ გამოძიების ფარგლებში მოხდეს იმის ნიუანსური შესწავლა თავდასხმაში მონაწილე პირები ონისე ოქრიაშვილს აქციიდან გამოყვნენ, მის საცხოვრებელ სახლთან წინასწარ დახვდნენ, თუ თავდასხმა სპონტანური იყო. ამასთან, არსებითია გამოძიების პროცესში მოხდეს ძალადობის სავარაუდო ორგანიზებასა და კოორდინირებაში ჩართული ყველა სხვა პირის გამოვლენა. გარდა ამისა, აუცილებელია გამოძიების მიერ მოხდეს დანაშაულის ჩადენის მოტივის გამოკვეთა და სათანადო კვალიფიკაცია პოლიტიკური და სხვა გამოხატვის გამო შეუწყნარებლობის მოტივისა და დევნის ნიშნების დადგენის მიზნით.


შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მოუწოდებს:

საგამოძოებო ორგანოებს
უზრუნველყოს საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარება, მათ შორის ონისე ოქრიაშვილზე მოძალადე ყველა პირის იდენტიფიცირება და დასჯა, ძალადობის წინასწარი ორგანიზებისა და შესაძლო კოორდინაციის გარემოებების ნიუანსური შესწავლა.

უზრუნველყოს საქმეზე „პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო“ სიძულვილის მოტივისა და დევნის ელემენტების გამოკვეთა და საქმის სათანადო კვალიფიკაცია.

წინა თვეებში სხვა აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტიური მოქალაქეების წინაამღდეგ კერძო პირების პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები დროულად და სათანადოდ გამოიძიონ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

“ქართულ ოცნებასა” და მის მიერ კონტროლირებულ პროპაგანდისტულ მედიებს
შეწყვიტონ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების დევნა, შევიწროება და მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციის და სიძულვილის კამპანიების ორგანიზება, რომელიც საზოგადოების შიგნით პოლარიზაციის, კონფლიქტებისა და ძალადობის მიზეზიც კი ხდება".- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები