სუს-ის ექს-შეფის საქმე - ერთი კვირის ვადაში, სასამართლოში მოწმედ სავარაუდოდ, რომეო მიქაუტაძეს მიიყვანენ
გრიგოლ ლილუაშვილი განაჩენის მოლოდინში - სექტემბრის ბოლომდე სუს-ის ექს-შეფის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.
ივლისის ბოლოს პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს - ასე პასუხობს საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი "პირველების" კითხვას, როდის მიიყვანენ სხდომათა დარბაზში ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მსჯავრდებულ რომეო მიქუტაძეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ლილუაშილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
პროკურატურის მოწმეების შემდეგ რიგი დაცვის მოწმეებზე მივა - სექტემბრის ბოლომდე გამოკითხული იქნება ყველა მოწმე, ვინც სიაშია.
დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განხილვა ისევ "ქოლცენტრების" ეპიზოდით გრძელდება. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხება მნიშვნელოვანი პირია და მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს.
დავკითხავთ კიდევ ერთ მოწმეს, რომელიც დაკავშირებული არის "თაღლითური ქოლ-ცენტრების" საქმიანობასთან. ის გარკვეულწილად ჩართული იყო ამ საქმიანობაში და შესაბამისად, მას აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა, რა თქმა უნდა, მე ამას გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით ვამბობ - ვფიქრობ, რომ ის მის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას ზეპირსიტყვიერადაც დაადასტურებს სასამართლოს წინაშე და გასცემს დასმულ კითხვებს პასუხებს და ამ შემთხვევაშიც, მე მიმაჩნია, რომ ეს მოწმე არის ძალიან მნიშვნელოვანი პირი და მნიშვნელოვანი ინფორმცაიის მატარებელი.
ყველა, ვინც დასაკითხ პირთა სიაშია და ამ დრომდე სასამართლოში დაკითხული არ არის, ბუნებრივია, ყველასთან მიმართებით მოხდება დაბარება, სასამართლოში დაკითხვა - იმ ვადაში, რაც კანონით არის გაწერილი. იცით, რომ სექტემბრის ბოლომდე არის საპატიმრო ვადა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად ბრალდების მხარე ამ თვეში დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას, პრაქტიკულად, რამდენიმე მოწმე გვყავს დარჩენილი და ამის შემდეგ დაცვის მხარემ უნდა დაიწყოს მისი მოწმეების წარმოდგენა", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
ის, რომ საქმეში ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დევს, ეს არ დამალა დღეს ჟურნალისტებთან ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ.
უფლებადამცველმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ თუ რომეო მიქაუტაძე მოწმედ იქნება გამოძახებული, ის "მხოლოდ ობიექტურ ჭეშმარიტებას გააჟღერებს", თუმცა იქვე დასძინა: "მოლოდინი იმისა, ხვალ-ზეგ რა შეიძლება იყოს და ვინ შეიძლება როგორ გამოიყენოს ვინმემ, ამას ბუნებრივია დაცვის მხარე ვერ გამორიცხავს, ვინაიდან ადამიანები ვაჭრობენ და მანიპულირებენ თავიანთი თავისუფლების ყიდვით და რაღაც კუთხით შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს განზრახვა თანამშრომლობისა".
ვერც ერთი მოწმე ვერ გასცდა ჭორაობის სტანდარტს. ადამიანები არ არიან პირველადი წყარო. არ შეგვიძლია არანაირი ინფორმაციის გადამოწმება. ფიზიკურად, ეს არ არის არანაირი სახის იმგვარი მტკიცებულება, რომლის დადასტურება შესაძლებელია ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულებით - ბუნებრვიია, სამართლებრივ ენაზე ამას ჰქვია ჭორაობა და არა მტკიცებულება.
მე არ ვიცი, ბატონი რომეო მიქაუტაძე უნდა დაიკითხოს თუ არა დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცაღა იმედს ვიტოვებ, რომ ის მხოლოდ იმ ობიექტურ ჭეშმარიტებას გააჟღერებს, რომ ბატონ გრიგოლს არნაირი სახის დანაშაულში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, ისევე როგორც თავად რომეო მიქაუტაძეს. მოლოდინი იმისა, ხვალ-ზეგ რა შეიძლება იყოს და ვინ შეიძლება როგორ გამოიყენოს ვინმემ, ამას ბუნებრივია დაცვის მხარე ვერ გამორიცხავს, ვინაიდან ადამიანები ვაჭრობენ და მანიპულირებენ თავიანთი თავისუფლების ყიდვით და რაღაც კუთხით შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს განზრახვა თანამშრომლობისა. (ჟურნალისტი: რომეო მიქაუტაძის ჩვენება არის საქმეში?) გარკვეული სახის ინფორმაცია არის, თუმცაღა აღნიშნულის შინაარსზე ბუნებრივია ვერ ვისაუბრებ".- განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.