საქართველოში EU-დან ჩამოსულმა ტურისტებმა ყველაზე მეტი ფული დახარჯეს
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან 1.93 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. ამის შესახებ BM.GE ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
სტატისტიკის მიხედვით, შემოსავლების შემცირება ძირითადად საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის კლებამ განაპირობა. იანვარ-ივნისში საქართველოს 2.73 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 76 ათასით, ანუ 3%-ით ნაკლებია.
მიუხედავად ამისა, ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი გაიზარდა. თუ 2025 წლის პირველ ნახევარში უცხოელი სტუმარი საქართველოში საშუალოდ 701 დოლარს ხარჯავდა, წელს ეს მაჩვენებელი 706 დოლარამდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა ერთ ვიზიტზე ისრაელის (1 519 დოლარი) და საუდის არაბეთის (1 469 დოლარი) მოქალაქეებმა დახარჯეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების საშუალო დანახარჯი 1 347 დოლარი იყო, მაშინ როცა რუსეთის მოქალაქეების საშუალო ხარჯი 503 დოლარს, ხოლო თურქეთის მოქალაქეების — 485 დოლარს შეადგენდა.
ამავე მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში 610 825 ვიზიტორი ჩამოვიდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან - მხოლოდ 249 201, ორივე ბაზრიდან მიღებული ტურისტული შემოსავალი თითქმის თანაბარი აღმოჩნდა. ევროკავშირის ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 335.6 მილიონი დოლარი, რუსეთის მოქალაქეებმა კი 307 მილიონი დოლარი დახარჯეს.
ყველაზე დაბალი საშუალო დანახარჯი სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდათ - 191 დოლარი ერთ ვიზიტზე, თუმცა სომხეთი ვიზიტორთა რაოდენობით ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად რჩება - წლის პირველ ნახევარში საქართველომ ამ ქვეყნიდან 360 050 ვიზიტორი მიიღო.