პირველი კადრები ადიგენიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა და სახლები მიწით გაივსო - ხალხი შველას ითხოვს

24.07.26 12:59
პირველი კადრები ადიგენიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა და სახლები მიწით გაივსო - ხალხი შველას ითხოვს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა და ეზოები ქვა-ღორღით დაფარა. ადგილობრივების თქმით, სტიქია დაახლოებით 15 წუთიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. 

მოსახლეობა აცხადებს, რომ საფრთხეზე უკვე მეორე წელია საუბრობს და დამცავი ჯებირების მოწყობას ითხოვს. მათი თქმით, ყოველი ძლიერი წვიმა სოფლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს სოფელში მეწყერის უკვე მეოთხე შემთხვევაა. 

ეს მოხდა 6 საათზე გუშინ, ისეთი ძლიერი წვიმაც არ ყოფილა, მაგრამ წამოვიდა ნიაღვარი და ნათესები, ყუველაფერი გაგვიფუჭა. ვერ ვხვდებით საიდან რა დავიწყოთ, - ამბობს ადგილობრივი. 

ამოვლენ გაწმინდავენ - წავლენ, ამოვლენ გაწმინდავენ - წავლენ... სულ 15 წუთი არ იყო წვიმა და შედეგი ეს არის. რომ გაგრძელდეს წვიმა ერთი საათი, წალეკავს აქაორობას მთლად. მერე მსხვერპლიც იქნება, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ადამიანმა არ უნდა დაიძინო? შიშის ქვეშ არიან ყოველთვის. გინდა ზამთარი იყოს, გინდა ზაფხული. აღარც სარეცხის მანქანა, აღარც ჭურჭლის მანქანა, არც მაცივარი. არარაფერი ვარგა, - ამბობს მოქალაქე. 

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებიც. პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკვე ერთი წელია ადამიანები გეოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რათა გაიგონ, უსაფრთხოა თუ არა აქ ცხოვრება, თუმცა უშედეგოდ. პოლიტიკოსის თქმით, პროცესის გაწელვამ შესაძლოა, მორიგი სტიქიის დროს მსხვერპლიც გამოიწვიოს. 

ეს მეწყერი ამ კონკრეტულ დასახლებაში, სოფელ გომაროში უკვე ოთხჯერ  მოხდა ერთი წლის წინ და ერთი წელია მოსახლეობა ელოდება გეოლოგიური დასკვნის დადებას, ელოდება პასუხს, რომ აქ ცხოვრება უსაფრთხოა თუ არ არის უსაფრთხო. ვიზუალურადაც კარგად ჩანს, რომ ეს სტიქია აქ არ გაჩერდება. ადამიანები ელოდებიან მძმე სტიქიას, სანამ თბილისში ვიღაც ჩინოვნიკი დროს წელავს, რომ გეოლოგიური დასკვნა დაწეროს. ამან შეიძლება ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლოს. პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება რეაგირებს პოსტ ფაქტუმ. საჭიროა პრევენციული რეაგირება, წინასწარ დასკვნების მომზადება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ მომენტშიც მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები