"შრომა სოციალური დახმარების ნაცვლად" - მთავრობა სოცდაუცველთა რიცხვის შემცირებას აანონსებს

24.11.21 17:20
"შრომა სოციალური დახმარების ნაცვლად" - მთავრობა  სოცდაუცველთა რიცხვის შემცირებას აანონსებს

საქართველოს ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა რიცხვის შემცირებას აანონსებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, აღნიშნა, რომ საჭიროა, სოციალურად დაუცველ ადამიანებს სახელმწიფომ სამუშაო ადგილები შესთავაზოს.

იწყება საკმაოდ მასშტაბური რეფორმა, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვისა და საჯარო დასაქმების პროგრამების შეთავაზების თვალსაზრისით. ასე ვთქვათ, რესოციალიზაცია იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში არის მინდობილი მხოლოდ სოციალურ დაცვას, რათა შესწევდეს უნარი, რომ ღირსეულად ჩადგეს სამსახურში და თავისი შრომით ჰქონდეს შემოსავალი. ამავდროულად, ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და საჯარო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს. მეტი და მეტია მოთხოვნა ამ სექტორში დასაქმებულებზე. ჩვენ ორი რამ უნდა დავაკომბინიროთ, ერთი მხრივ, მეტი და მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც ადამიანები უნდა დასაქმდნენ და შესაძლებელია, დასაქმდნენ, რაც არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს ამ ეტაპზე. მეორე მხრივ, გვყავს არმია - დაახლოებით 200 000 ადამიანი, ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს მონაცემებს, ვინც არის სტატუსით დაუცველი, მაგრამ ამავდროულად, შეუძლია და სურვილი აქვს, დასაქმდეს. ღირსეული შრომა, სოციალური დახმარებების ნაცვლად”, - ამბობს თურნავა.