სოფია სიგუას ადვოკატი შემაკავებელი ორდერის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს
სოფია სიგუას ადვოკატი შემაკავებელი ორდერის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს - თამარ ლუკავა ამბობს, რომ აუცულებელია დადგინდეს, როგორ მოხდა ზარის შესვლა იოსებ სიგუას ტელეფონიდან მისი ცოლის ტელეფონზე.
რაც შეეხება პეიჯერზე სიგნალის ჩართვას, უფლებადამცველის განმარტებით, აპარატმა ხმა არ უნდა გამოსცეს, თუ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი სოფია სიგუას გვერდით არ იმყოფება.
რადგან პეიჯერზე შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ აგრესორი იმყოფებოდა ახლოს, ჩვენი მოლოდინი არის, რომ შესაბამისი სამსახური ამაზეც მოახდენს რეაგირებას - ამბობს თამარ ლუკავა.
ვინაიდან სოფია სიგუასთან შევიდა ზარი, მე როგორც მისი დამცველი ადვოკატი, მაქვს ფაქტი, რომ სავარაუდოდ, დაირღვა შემაკავებელი ორდერი. ამ დროს აუცილებელია შსს-მ დაიწყოს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში მოიკვლიოს ინფორმაცია, როგორ მოხდა ამ ზარის შემოსვლა სოფია სიგუას ტელეფონზე. შესაბამსიი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ განახორციელა ზარი.
პეიჯერი წრიპინებს მაშინ, როცა ვართ სასამართლო სხდომაზე ერთ სივრცეში და ამ დროს 112-ის შესაბამისი სამსახური გაფრთხილებულია, რომ მოძალადე და მსხვერპლი ერთ სივრცეში არიან, რომ რეაგირება არ მოახდინონ. თუმცა, როგორც კი სასამართლო სხდომა სრულდება, ოფიცერი ატყობინებს 112-ის შესაბამის სამსახურს, რომ დასრულდა სხდომა და გააგრძელონ მონიტორინგი. სოფია იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლთან და რადგან პეიჯერზე შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ აგრესორი იმყოფებოდა ახლოს, ჩვენი მოლოდინი არის, რომ შესაბამისი სამსახური ამაზეც მოახდენს რეაგირებას", - ამბობს ადვოკატი თამარ ლუკავა .
სოფიო სიგუა ქმარს, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებს - ქალი ამბობს, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მას გუშინ საღამოს ისევ ურეკავდა.
სოფიო სიგუა-შატბერავა, რომელმა საჯაროდ ისაუბრა ქმრის მიერ განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდებზე, ამბობს, რომ გუშინ საღამოსვე 112-ს დაუკავშირდა, თუმცა პოლიციაში უთხრეს, რომ სიგუას ალიბი აქვს და ზარიც მისი ტელეფონიდან შემთხვევით მისმა ადვოკატმა განახორციელა.
იოსებ სიგუას ცოლთან "პირველებმა" ინტერვიუ დღეს დილით ჩაწერა - კომენტარის დროს კი პეიჯერზე (ელექსტრონული სამაჯურის მოწყობილობა, რომელიც დაზარალებულს აქვს იმისთვის, რათა იცოდეს, უახლოვდება თუ არა მოძალადე) ხმოვანი შეტყობინება შევიდა.
ქალის თქმით, ხმოვანი სიგნალი ნიშნავს, რომ იოსებს სიგუა მასთან 600 მეტრის რადიუსში იმყოფება. რამდენიმე წუთში, პეიჯერზე ხმა შეწყდა.
- ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაქუმებაზე უარი უთხრა.
რა ვიცით ძალადობის საქმეზე?
4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.