არ მგონია, რომ მას ბრალად შერაცხული ქმედებები გაცნობიერებული ჰქონდეს - რა ამბობს ნიკა კაპანაძის ადვოკატი
17 წლის ბიჭის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძის ადვოკატი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშს მყოფს ბრალად შერაცხული ქმედებები გაცნობიერებული არ აქვს. ამის შესახებ ირაკლი აბსანძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც კაპანაძეს ალადაშვილსი კლინიკაში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ნიკა კაპანაძის ფსიქიკურ მდგომარეობაზე საბოლოო დასკვნა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს.
ამასთან, დამატებით დეტალებისგან საუბარზე ადვოკატი თავს იკავებს.
ადვოკატი ასევე ამბობს, რომ სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება, თუმცა ეს სასმართლოში მოხდება თუ კლინიკაში, მისთვის უცნობია.
ბრალდებულის პოზიციას ამ ეტაპზე ფიზიკურად ვერ გავაჟღერებ. წარედგინა ბრალდება რამდენიმე მუხლით: მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, ოღონდ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე 353 პრიმა მუხლის და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე.
ჩემი გადმოსახედიდან, ახლა რასაც ვხედავ, არ მგონია, რომ მას ბრალად შერაცხული ქმედებები გაცნობიერებული ჰქონდეს. მე ასე მგონია და ასე ვფიქრობ და დანარჩენს ფსიქიატრიული ექსპერტიზა გვაჩვენებს. ჯერ განჩინება უნდა აიღოს ბრალდების მხარემ და შემდეგ შესაბამისი ეტაპირება უნდა მოხდეს მისი.
მე ახლა რაც არ უნდა ვთქვა, აცნობიერებს თუ არ აცნობიერებს, ყველა შემთხვევაში, საზოგადოების მხრიდან გულისწყრომას გამოიწვევს და ჯობია, ამასთან დაკავშირებით თავი შევიკავო.
სასამართლო უნდა ჩატარდეს დღეს და აქ ჩატარდება თუ სასამართლოში, არ ვიცი. სად უნდა გაწერონ, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა იქნება და იზოლატორში არ გადაიყვანენ, აღკვეთის ღონისძიება რომ ჩატარდება, გადაიყვანენ პენიტენციურში.
მსგავს მუხლებზე და მსგავს ბრალდებებზე, ჯობია, ბრალდებული ისევ პატიმრობაში იყოს, ვიდრე ბულინგის და კიდევ ახალი მსხვერპლი გამოიწვიოს, - ამბობს ირაკლი აბსანძე.
ვერაზე მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალი კლინიკაში წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ედება ბრალი განზრახ მკვლელობაში, სამი პირის მკვლელობის მცდელობაში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში. გამოძიების ვერსიით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ კაპანაძემ ოთხ ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნა, ხოლო დაკავების ოპერაციის დროს სამართალდამცველების მისამართითაც გაისროლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.