თბილისის მეტრომ, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის გამო გაჩერებული იყო, მუშაობა განაახლა
თბილისის მეტრომ, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო გაჩერებული იყო, მუშაობა განაახლა, თუმცა მეტროსადგურებში პრობლემები ისევ რჩება. "პირველების" გადამღები ჯგუფი დილიდან "ისნის" მეტროსთან მუშაობს, სადაც ხალხი მეტროდან უკან ამოდის და ამბობს, რომ ექსკალატორები გათიშულია.
ამ დროისთვის, უცნობია, აღდგა თუ არა საქართველოს რკინიგზამ სარკინიგზო მიმოსვლა.
ბათუმი-თბილისის მატარებელი უშუქობის გამო დაგვიანებით გავიდა - მგზავრები ამბობენ, რომ თბილისიდან ბათუმში გასასვლელი მატარებელიც იგვიანებს.
ცნობისთვის საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია დილის 8 საათიდან შეწყდა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, რიგ აბონენტებს ელექტროენერგია აღუდგათ, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი კი უმოკლეს დროში დასრულდება.
სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზები, რამაც ელექტროენერგიის სრულად გათიშვა გამოიწვია, ამ ეტაპზე არ იციან.