პროკურატურა იკვლევს, რა ვითარებაში მოხდა იარაღების ნებართვის გაცემა ნიკა კაპანაძისთვის

25.07.26 13:48
პროკურატურა იკვლევს, რა ვითარებაში მოხდა იარაღების ნებართვის გაცემა ნიკა კაპანაძისთვის

პროკურატურა იკვლევს, რა ვითარებაში მოხდა იარაღების ნებართვის გაცემა ნიკა კაპანაძისთვის, პირისთვის, რომელიც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზეა ბრალდებული.

როგორც პროკურორმა მედეა ცირამუამ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობდა თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, არსებობდა თუ არა იარაღების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძლები, ამას გამოძიება დაადგენს. 

  • ცნობისთვის ნიკა კაპანაძეს, რომელსაც ოჯახის თქმით, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მის სახელზე რეგისტრირებული სამი იარაღი ჰქონდა. 

"თუკი ვინმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი გარდა ბრალდებულისა გამოიკვეთა, აუცილებლად სამართლებრივი შეფასება მიეცემა" - განაცხადა ცირამუამ. 

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმითვე, ვერაზე მომხდარი ანგარიშსწორების საქმეზე გამოკითხულია ნიკა კაპანაძის დედა, რომელმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ მისი მხრიდან ახალგაზრდებისადმი შენიშვნის მიცემა გახდა საფუძველი ბრალდებულის ჩართულობის და იმ აგრესიის, რაც მოხდა. 

თუკი ვინმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი გარდა ბრალდებულისა გამოიკვეთა, აუცილებლად სამართლებრივი შეფასება მიეცემა და აუცილებლად ჩვენი პოზიცია იქნება უმკაცრესი. რაც შეეხება დედის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სისხლის სამართლის საქმეში ის გამოკითხულია და ასევე გიდასტურებთ, რომ მისი მხრიდან შენიშვნის მიცემა ახალგაზრდებისადმი გახდა საფუძველი ბრალდებულის ჩართულობის და იმ აგრესიის, რაც ვიხილეთ. 

იარაღებზე - სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დეტალურად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ გამოძიება არის საწყის ეტაპზე, მოსაპოვებელია უამრავი დეტალი, რა ვითარებაში გაიცა იარაღებზე ნებართვა, არსებობდა თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, არსებობდა თუ არა ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძლები და ა.შ ეს უნდა შევისწავლოთ და თუ ასეთი გარემოებები გამოიკვეთა, ყველა ასპექტში რომელიც გამოიკვეთება, სხვა ქმედების შეფასების სამართლებრივი, საფუძელი, ასევე სხვა პირების პასუხისმგებლობის საფუძველი,  პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი", - აცხადებს პროკურორი. 

მედეა ცირამუას თქმით, ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ეყრდნობა დედის ჩვენებას, სამედიცინო ისტორიით კი არ დასტურდება.

მისივე თქმით, როგოროც ყველა ბრალდებულს ნიკა კაპანაძესაც ჩაუტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. 

პროკურორის ვარადუით, დედის მიერ გავრცელებული ცნობები შესაძლოა შვილისთვის მოსალოდნელი პასუხისმგბელობის აცილებას ან სასჯელის შემსუბუქებას ემსახურებოდეს.

სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის არც სამედიცინო ისტორიითა და დოკუმენტებით ეს არ დასტურდება, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა.

თავად დედამ არ დაადასტურა საგამოძიებო ორგანოსთან, რომ ბრალდებულის მხრიდან იყო ძალადობის ფაქტი, შესაბამისად, იმ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რადგან თავად დედამ უარყო, ბრალდებულის მხრიდან ძალადობა. საუბარი იყო მხოლოდ ერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. შემაკავებელი ორდერი არის მხოლოდ მყისიერი რეაგირების მექანიზმი.

რაც შეეხება იარაღის ნაწილს, მასთან მიმართებით გაცემულია ნებართვა შენახვის უფლებით. დედის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია შესაძლოა მიმართული იყოს იქითკენ, რომ საკუთარ შვილსა და ოჯახის წევრს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა აარიდოს. დედამ ისიც თქვა ძალადობის შემთხვევასაც ჰქონდა ადგილიო, თუმცა შემდეგ ოფიციალურად უარყო ეს ფაქტი. გამოძიება საწყის ეტაპზეა და თუ კი გამოიკვეთება რაიმე ფორმით სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ ქმედებებსაც შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა".- ამბობს პროკურორი. 

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ბრალდებული ნიკა კაპანაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა, სადაც მოსამართლე მარიდაშვილი და პროკურორი გამოცხადდა. 

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის საპატიმროში გადაყვანა დღესვე მოხდება.

ვერაზე მომხდარი სისხლიანი ანგარისშსორების ფიგურანტს, ნიკა კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარედგინა.

დაკავებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე.

საქმის მასალების მიხდვით, ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რა დროსაც მან „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

ასევე ირკვევა, რომ აყვანის სპეცოპერაციის დროს, ბრალდებულმა პოლიციელების მიმართაც განახორციელა მუქარა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა