„პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს“ – საია

27.07.26 10:14
„პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს“ – საია

პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, - საია გუშინ საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებას სპეციალური განცხადები ეხმიანება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი აქტივისტს დაკავების დროს სახეში ხელს არტყამს, რაც მათი შეფასებით, არაადამიანური / დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს. 

საია პოლიციას დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებისკენ მოწუოდებს და აღნიშნავს, რომ აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონობა, არამედ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

დღეს, 2026 წლის 26 ივლისს, თბილისში აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს არაძალადობრივი, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული გამოხატვით სარგებლობისას. მოგვიანებით, ასევე დააკავეს თბილისის საკრებულოსთან მის მხარდასაჭერად მისული ათამდე დემონსტრანტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) განცხადებით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ.

გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.”

ნეტგაზეთის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაკავების პროცესში შსს-ს მაღალჩინოსანმა დემონსტრანტს სახეში ხელი გაარტყა. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ კადრებში დემონსტრანტების მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება ან წესრიგის დამრღვევი ისეთი ქცევა, რომელიც მათ დაკავებას ან მათზე ამგვარ ძალადობას გაამართლებდა, არ ჩანს. ამასთან, დემონსტრანტისთვის პოლიციელის მხრიდან სახეში ხელის გარტყმა იმგვარი ქმედებაა, რაც არაადამიანური / დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს. ეს ქმედება საპოლიციო სისტემაში ძალადობის ნორმალიზების და სისტემურობის კიდევ ერთი შემთხვევაა.

პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოხატვა ვულგარულია და კონკრეტულ პირს მიემართება [ამ შემთხევაში, ბიძინა ივანიშვილს], სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს გამოხატვის კონტექსტი და როლი საჯარო დისკუსიაში. გარდა ამისა, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა ვრცელდება საჯარო პირებზეც, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც თანამდებობით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე.

შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობისთვის დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა.  აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონობა, არამედ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია - შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (სსკ მუხლი 161)., - ნათქვამია განცხადებაში. 

 

თბილისის საკრებულოსთან, თორნიკე თოშხუას მხარდასაჭერი აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ კიდევ 10 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ისინი საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერების გამოფენის, შეურაცხმყოფელი შეძახილებისა და სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული. მანამდე, იმავე ტერიტორიაზე, ბანერის გაშლის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციების აქტიური მონაწილე თორნიკე თოშხუაც.

 

მსგავსი სიახლეები