იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარი უთხრეს
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარი უთხრეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა გოგიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მისი განმარტებით, სასამართლოში არ დადასტურდა სიგუას მხრიდან არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაწყებულია, ორდერი ძალაში რჩება.
რა ვიცით ძალადობის საქმეზე?
4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.