ვინ იყო ე.წ. ქოლცენტრების “კასირი“ - პროკურორის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ნაღდ ფულს ბიძაშვილის საშუალებით კრეფდა
გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი - სასამართლოში, სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეზე ის პირი დაიკითხა, რომელიც 5 “ქოლ ცენტრს“ ფლობდა. როგორც პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა დახურული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაკითხულმა მოწმემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ე.წ. ქოლ ცენტრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მფარველობდა.
ბრალდების მხარის წარმომადგენელი ამბობს, რომ პირმა, რომელიც ლილუაშვილის სუს-ის უფროსად მუშაობის პერიოდში 5 “ქოლ ცენტრის“ ფლობდა, ჩვენებაში მათ შორის, ე.წ. კასირი დაასახელა, რომელიც „ქოლ ცენტრებიდან“ ნაღდ ფულს იღებდა.
პროკურორის თქმით, ეს პირი გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი ანდრია ლილუაშვილია.
„ერთ-ერთი ეპიზოდი არის კონკრეტული „ქოლ ცენტრების“ მფარველობისათვის გარკვეული ოდენობის ქრთამის აღება. ჩვენ, როცა სასამართლოში მტკიცებულებებს ვიკვლევთ, ბუნებრივია, ამ მიმართულებით, იმ პერიოდისათვის, ვინც დანაშაულებრივი საქმიანობის ამ სქემაში იყო ჩართული, ყველას ვკითხავთ. არ ვსაუბრობ იმაზე, ვინც შესაძლოა, ძებნილი ან გამოძიებისთვის ხელმიუწვდომელი იყოს. დღეს დაიკითხა მოწმე, რომელსაც იმ პერიოდისათვის 5 „ქოლ ცენტრი“ ჰქონდა, თავად განმარტა, რომ საკმაოდ დიდი ზომის „ქოლ ცენტრში“ მენეჯერული ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. ამ ადამიანმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მათი „ქოლ ცენტრის“ მფარველი. ამ ადამიანმა ისაუბრა, რომ მისი „ქოლ ცენტრების“ გარდა, იმ დროისათვის თბილისში ბევრი „ქოლ ცენტრი“ ფუნქციონირებდა და მანვე განმარტა, რომ მეორე მხარეს, ამ „ქოლ ცენტრების“ მფარველობის საკითხში აქტიურად იყო ჩართული სუს-ი. მოწმეები ხშირად იყენებენ ტერმინს - „დაკრიშული“, ხშირად მოიხსენიებენ ტერმინს „ქოლგა“, ამ „ქოლგას“ წარმოადგენდა სუს-ი. მოწმემ გამოიყენა ტერმინი - „კასირი“, ანუ პიროვნება, ვინც „ქოლ ცენტრებიდან“ თანხებს კრეფდა ნაღდი ფულის სახით - ანდრია ლილუაშვილი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეს დაესვა კითხვები, მან გაიხსენა მათ შორის ის მოცემულობა, როცა მასთან გარკვეული პირები იყვნენ მისულები, შესთავაზეს, რომ ერთად ეწარმოებინათ „ქოლ ცენტრების“ მართვა, ამ მოწმეს აეღო მის თავზე ტექნიკური კუთხით მართვა, ხოლო „ქოლგის“ სახით ეს პირები სთავაზობდნენ, რომ მათ უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნებოდა და შესაბამისად, მფარველობას გაუწევდა. დღეს დაკითხული ეს მოწმე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ის იმდენად ბევრ „ქოლ ცენტრთან“ და იმდენად ბევრ პირთან კავშირში იყო, ვინც იმ პერიოდში ამ საქმიანობაში იყო ჩართული, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუნდაც, ანდრია ლილუაშვილთან მიმართებით, თუნდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მფარველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია... დადგენილია, რომ ანდრია ლილუაშვილი, სანდროს უწოდებენ მას ხშირ შემთხვევაში, იყო ის პიროვნება, ვისი ხელითაც იმართებოდა „ქოლ ცენტრები“ ან ვისი ხელითაც მფარველობდნენ „ქოლ ცენტრებს“...
როგორც მოწმეები ამბობენ, შეთანხმება იყო, რომ ერთმანეთის „ქოლ ცენტრების“ საქმიანობისათვის ხელი არ შეეშალათ. მოგეხსენებათ, რომ ერთი ფლანგი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის იყო, რომლის ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიხეილ ჩოხელი, ძმები მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და შემდეგ სხვადასხვა „ქოლ ცენტრების მიხედვით იყო ჩაშლა პიროვნებების“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
- ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, დახმარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ანდრია ლილუაშვილს 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა 23 ივლისს მიესაჯა.
- გამოძიების ცნობით, ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს.
- სუს-სი ექს-შეფის გარემოცვის წევრს ჩამოერთვა დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.