“თელასს“ მხოლოდ ლარის ანგარიშები დარჩება

27.07.26 17:44
“თელასს“ მხოლოდ ლარის ანგარიშები დარჩება

კომერციული ბანკები “თელასის“ ეროვნულ ვალუტაში მომსახურებას გააგრძელებენ. სამდღიანი დუმილის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა პირველი განმარტება გააკეთა.

სებ-ის განცხადებით, იმის გამო, რომ  თელასი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელი კომპანიაა, ეროვნული ბანკი ამ ფაქტორის გათავალისწინებით  იმოქმედებს.

მათივე განმარტებით, „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხს და განვმარტოთ, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სს „თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის.

საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა.

ამასთან, სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი. შესაბამისად, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად”, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

  •  ევროკავშირმა რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებისთვის გამოყენებული ფინანსური და ენერგეტიკული რესურსების შეზღუდვაა.
  • ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოზეც, რადგან „ინტერ რაო“ არაპირდაპირ ფლობს „თელასის“, „თელმიკოს“ და „ხრამი ჰესების“ წილებს. მათი თქმით, ეს ქართულ ენერგოკომპანიებს ევროპულ ბანკებთან ანგარიშსწორებასა და საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს გაურთულებს.

 

მსგავსი სიახლეები