ბიზნესის საამებლად გადადგმული ნაბიჯი - სპეციალისტები კოვიდგადატანილებისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მიცემაზე

25.11.21 11:35
ბიზნესის საამებლად გადადგმული ნაბიჯი - სპეციალისტები კოვიდგადატანილებისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მიცემაზე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე, კოვიდგადატანილი პირებისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მიცემას არ ემხრობა. ჩხაიძის თქმით, კოვიდის გადატანა არ არის ხანგრძლივი დაცვა და დღევანდელი მონაცემებით, იმუნიტეტი მხოლოდ 6-8 თვე გრძელდება. 

როცა ვსაუბრობთ გადატანილ კორონავირუსზე, უნდა იყოს გათვალისწინებული, რამდენი ხანი იძლევა კორონავირუსის ინფექცია გადატანის შემდეგ მყარ იმუნიტეტს. ის მონაცემები და კვლევები, რომელიც არსებობს, მიუთითებენ, რომ ეს არ არის ხანგრძლივი და საიმედო დაცვა, შესაძლოა იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ 6-8 თვის განმავლობაში. უვადო პერიოდზე საერთოდ საუბარი არ არის.

პირველი პაციენტი საქართველოში გვყავდა 26 თებერვალს, თუ უვადოა, გამოდის, რომ 2020 წლის მარტ-აპრილში გადატანილ პაციენტებს მივცეთ ისეთივე უფლება შესვლის, როგორსაც ვაძლევთ 1 და 2 თვის წინ გადატანილ პაციენტებს. ასეთი შეუსაბამობა არ იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ეფექტურ დაცვაზე", - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

ექიმი ლალი ჯანაშია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მხოლოდ ბიზნესის საამებლად გადადგა.

არსად არაა მითითებული, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ ჰქონდა კოვიდინფექცია, იმდენად მყარი იმუნიტეტი აქვს, რომ მას შეიძლება, მეორედ არ დაემართოს კოვიდინფექცია. ეს არის ბიზნესის საამებლად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად წაგვატეხინებს კისერს", - ამბობს ჯანაშია.