ახალი მოძრაობა "ეროვნული თაობის” ერთ-ერთი წევრი თბილისის მერიის თანამშრომელია

28.07.26 18:16
ახალი მოძრაობა "ეროვნული თაობის” ერთ-ერთი წევრი თბილისის მერიის თანამშრომელია

ახალი მოძრაობის "ეროვნული თაობის” ერთ-ერთი წევრი თბილისის მერიის თანამშრომელია. “პირველებმა“ გაარკვია, რომ ლევან ყურაშვილი ისან-სამგორის სპორტულ ცენტრშია დასაქმებული.

ის ასევე აქტიურად აქვეყნებს “ოცნების“ მაღალჩინოსნებთან გადაღებულ ფოტოებს და მონაწილეობს მათ აქტივობებშიც. ამბობს, რომ იცნობს ცოტნე ივანიშვილის და “ის ღირსეული პიროვნებაა“.

ცოტნე ივანიშვილს ვიცნობ. ცოტნე ივანიშვილი არის ღირსეული პიროვნება, ღირსეული ოჯახიშვილი და ცოტნე ივანიშვილი არის საამაყო პიროვნება.

ყურაშვილი ფიქსირდება მერის არჩევნების დროს, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების დროს. ის არ უარყოფს, რომ ნამდვილად იყო იმ დღეს კალაძის შტაბთან, თუმცა, ამტკიცებს, რომ „ოცნება“ მოძალადე არ არის.

ამასთან, არ უარყოფს, რომ იცნობს კორცხელის ინციდენტის მთავარ ფიგურანტს და მას პატრიოტად ახასიათებს.

“მე არ ვიღებდი [კორცხელში მონაწილეობას], მაგრამ კობა ტყეშელაშვილისნაირი პატრიოტი ადამიანი ბევრი იყოს საქართველოში“, - ამბობს ის. 

მე აქ ვმუშაობ, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, ჩვენ ვემსახურებით ეროვნულ ინტერესებს ქვეყნის, დანარჩენი ახლა, სამსახურის გარეთ რას გავაკეთებ, ეგ უკვე ჩემი საქმეა. ჩემი ოჯახი არის ტრადიციული, ჩემი მეგობრები არიან ტრადიციულები, მე ყოველთვის ყველგან ვიცავ ეროვნულ ინტერესებს, - ამბობს ის.

ცნობისთვის, 27 ივლისს MMA-ს მებრძოლმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც არ დაუსახელებიათ დააანონსა, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.