სწავლა უნდა ბავშვს და ხელს უშლიან-ცეცხლაძის ოჯახი თსუ-ს ცინიკურ დამოკიდებულებაში ადანაშულებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზვიად ცეცხლაძის ღია წერილს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
ცეცხლაძის ოჯახი ამბობს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან, მხოლოდ ცინიკურ დამოკიდებულებას ხედავენ და შეთანხმებას ვერ აღწევენ.
მათი თქმით, ისინი შევხდნენ როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანატს, ასევე რექტორს, თუმცა უშედეგოდ.
შეთანხმებას მივღწიეთ ციხესთან, რომ მეხსიერების ბარათი მივიტანეთ, დაიტოვეს და ციხემ გადაწყვიტა, რომ თუ უნივერსიტეტი მიაწვდიდა ლექციებს, ისინი წინააღმდეგები არ წავიდოდნენ, ზვიადს გადასცემდა, ტელევიზორში ჩართავდა და მოისმენდა. ამაზე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანატთან, ასევე ჯაბა სამუშიასთან, რექტორთან. თავიდან იყო დაპირება, რომ ეს შესაძლებელია და პრობლემა არ არის. ბოლო შეხვედრაზე განმიცხადეს, რომ ვალდებულება არ აქვთ და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძის დედა მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტიდან სპეციალურად უშლიან ხელს მის შვილს განათლების მიღებაში.
უნივერსიტეტიდან იყო ცინიკური პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა სამუშია ჰპირდებოდა, ძალიან დადებითად იყო განწყობილი, აუცილებლად დაგეხმარები, ზვიადი მართლა განიცდის ამას, სწავლა უნდა ბავშვს და ყველანაირად უშლიან ხელს. რა სასწავლო მასალაც არის, საერთოდ არ უგზავნიან მაგ მასალას, სულ სხვა მასალაა და არ ეხება მის სასწავლო პროგრამას, ზურა წვალობს და ბეჭდავს, მერე შეაქვს, რომ ზვიადმა განათლება მიიღოს, - ამბობს ნარგიზი დავითიძე.
აქციაზე დაკავებულმა ზვიად ცეცხლაძემ გუშინ ციხიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც წერდა, რომ თსუ მაქსიმალურად ხელს უშლის იმაში, რომ საფუძვლიანი განათლება მიიღოს.
ციხეში მყოფი სტუდენტი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტმა არ ისურვა მისთვის შემეცნებით-სამეცნიერო ლექციების გაეგზავნა.
უფრო კონკრეტულად, ცეცხლაძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ნება დართო მეხსიერების ბარათით ვიდეოლექციები იქონიოს - "ერთადერთი, რასაც პენიტენციური სამსახური ითხოვს არის ის, რომ ვიდეო მასალა (ლექციები) უნივერსიტეტმა გაუგზავნოს პენიტენციური სამსახურის სოციალურ მუშაკს, უნივერსიტეტის საკონტაქტო პირის მეშვეობით", თუმცა როგორც ცეცხლაძე წერს, თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა, რომლის სტუდენტიცაა, ვიდეოლექციების მიწოდებაზე უარი უთხრა.