ჯაშუშობის საქმე - ადვოკატის თქმით, ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის
ე.წ. ჯაშუშობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩიხლაძის საქმის პირველი არსებითი სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა.
როგორც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, საქმეში ბრალდებულის ჯაშუშობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
ირაკლი ჩიხლაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. სასამართლოს ვუთხარით, რომ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, რომელიც დაადასტურებს ამ ბრალს. აქიდან გამომდინარე, ველოდებით შემდეგ პროცესზე ვის წარმოადგენს ბრალდების მხარე მოწმედ და როგორ დაადასტურებს აღნიშნულ ბრალდებას.
ბრალდების მხარის სტრატეგიაა ალბათ, რომ დღეს მხოლოდ შესავალი სიტყვა ეთქვა. მოწმის წარმოდგენა არ ჩაუთვლია საჭიროდ. შემდეგ პროცესზე იმედია, წარმოადგენს"- თქვა ადვოკატმა.
ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს.
სუს-ი ამბობს, რომ ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".
ჩიხლაძე არ აღიარებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებას. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ამის გამო საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან ჟურნალისტს.