ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ “გარკვეულ პირებთან ვაჭრობა მიმდინარეობს“

10.08.26 15:31
ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ “გარკვეულ პირებთან ვაჭრობა მიმდინარეობს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

სხდომათა დარბაზში მხოლოდ ლილუაშვილის უფლებადამცველები იმყოფებოდნენ, ბრალდების მხარე კი არ გამოცხადდა.

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს შემთხვევით არ ხდება და ვარაუდობს, რომ სახელმწიფო ბრალდება ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოოს მოწმეებთან და გაჭიანურება ემსახურებოდა სწორედ ამ მიზნებს. 

12 რიცხვისთვის გაწერილი იყო სასამართლოს გრაფიკით, რომ ბრალდების მხარეს თავისი მტკიცებულებების წარმოდგენა უნდა მოეხდინა, თუმცა, პროცესამდე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა პროცესზე მბრალდებელი, შესაბამისად, დღევანდელ პროცესი გადაიდო აღნიშნული მიზეზით. ჩვენ მანამდეც არაერთხელ აღგვინიშნავს და გვისაუბრია, რომ გარკვეული სახის ბენეფიტების მიღებისათვის, მათ შორის ეს შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხმება, ან დევნის არ დაწყება, გარკვეულ პირებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ეს გაჭიანურება ემსახურებოდა სწორედ ამ მიზნებს. 

დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს ნებისმიერ იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ჩასმული ჰყავს მოწმის ბრალდების მხარეს, რომ შესაძლოა გამოცხადდნენ პროცესზე, მათ შორის გახლავთ ბატონი რომეო მიქაუტაძე. მხოლოდ ამის იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის რომეო მიქაუტაძეს, ექნება იმის ღირსება, რომ ცრუ ინფორმაცია არ მიაწოდოს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით, იმის სანაცვლოდ, რომ მასთან, მისთვის სასურველი, ხელსაყრელი პირობით, ბრალდების მხარემ გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ. 

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა თავად გრიგოლ ლილუაშვილიც. 

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.