გასტრონომიის სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება

10.08.26 19:08
გასტრონომიის სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილ გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით 26 თანამშრომლის აყვანის უფლება მიეცა.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ სააგენტოს თანხმობა მისცა, დამატებითი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა არაუმეტეს 26 ერთეულით განსაზღვროს.

  • გასტრონომიის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 2026 წლის 20 ივლისიდან ფუნქციონირებს. უწყების თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

სამინისტროს განმარტებით, სააგენტოს შექმნის მთავარი მიზანია ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, ასევე ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება.

სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სტრუქტურა:

  • მემკვიდრეობის აღრიცხვა: ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის (ტრადიციული რეცეპტები, პროდუქტები, დამზადების მეთოდები) იდენტიფიცირება, ციფრული აღრიცხვა და გასტრონომიული რეესტრის შექმნა;
  • ადგილობრივი ჯიშების დაცვა: ენდემური და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ჯიშებისა და ტრადიციული წეს-ჩვეულებების შენარჩუნების ხელშეწყობა;
  • ხარისხის სქემები: სურსათთან დაკავშირებული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების სისტემების პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერა;
  • განათლება და ანალიტიკა: სფეროს საჭიროებების ანალიზი, პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ახალ უწყებას მართავს თავმჯდომარე და სამი მოადგილე. სააგენტოს სტრუქტურა 10 ერთეულისგან შედგება: გასტრონომიული მემკვიდრეობის, გასტრონომიის განვითარების, გასტრონომიის პოპულარიზაციისა და გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე ადმინისტრაციული, საფინანსო, იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სექტორის კოორდინაციისა თუ ანალიტიკის სამსახურები.

წყარო: bm.ge