შსს ხელახლა შეისწავლის ადგილს, საიდანაც 14 წლის წინ გურამ დადიანიძე გაუჩინარდა

10.08.26 19:23
შსს ხელახლა შეისწავლის ადგილს, საიდანაც 14 წლის წინ გურამ დადიანიძე გაუჩინარდა

კიდევ ერთხელ შეამოწმებენ იმ ტერიტორიას, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. 

უწყებაში ამბობენ, რომ სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

შსს-ს განცხადებით, საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. 

მსგავსი სიახლეები