რა ხდებოდა გუშინ ღამით მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გურამ დადიანიძე გაუჩინარდა
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგული ბიჭის კვალი გაქრა.
საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილიც.
- სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ჩავიდნენ.
"მეგობრებო, ყველა ადგილზე გადატარდება სკანერი. ასე, რომ იქამდე გაგრძელდება ძებნა, სანამ ეს ადგილი არ დათვალიერდება და ამ ხნის მანძილზე მე აქ ვარ. მადლობა ყველას" - დაწერა სოფო ბიბილაშვილმა სოციალურ ქსელში.
გვიან ღამით დაკარგული ბიჭის ოჯახის უფლებადამცველმა, ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს-ს თანამშრომლები სამუშაოებს დღეს დილით 08:00 საათიდან გააგრძელებდნენ.
ცნობისთვის, გუშინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
შსს-ს განცხადებით, საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.