ნიკო კვარაცხელიას დედა: შვილის სიცოცხლე არ იყიდება!
თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელია დღეს 27 წლის გახდებოდა.
მოკლული ბიჭის დედა შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
იზო ომაძე ხაზგასმით აღნიშნავს რომ “შვილის სიციცხლე არ იყიდება”:
"თვალს ვხუჭავ და ჩემს წარმოსახვაში იქითა ნაპირიდან, უკვე მძიმე ნაბიჯით და მოკრძალებული ღიმილით მოაბიჯებ 27 წლის ვაჟკაცი …
ნიკო შვილო დაბადების დღეს გილოცავთ!!!
ახლა როცა ამ ტექსტს ვწერ, სული და ხორცი ისეთი სიძლიერით ძიძგილაობს, ტკივილისგან სუნთქვა მეკვრის. მაგრამ არ მინდა ეს სუნთქვა იქამდე შეჩერდეს, სანამ კანონით განმტკიცებული “სიმართლე “ თავად არ ეტყვის ქვეყანას, ნიკო კვარაცხელია მოკლა ქვეყნის მტრებმაო და ამ დღემდე არც თუ ისე ბევრი გვაშორებს….
ხუთი წელია ვიწნით ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერი ისტორიებით შენთან მოსასვლელ ზეციურ კიბეს,მხოლოდ ღმერთმა იცის კიდევ რამდენი დროა საჭირო ჩახუტებამდე შვილო.
უსაშველოდ ენატრები შენს მშობლებს, შენს და-ძმებს და სრულიად უცხო ადამიანებსაც კი!!!!
სულ ვამბობ, ნიკო მის წილ საქართველოს ისტორიას წერს, იოტისოდენადაც ხელს ვერ შევუშლით თქო, მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა, ვნახოთ ამ ისტორიაში ვის რა როლით ჩაწერ დედი, დიახ ვნახოთ!!!
უფლის იმედი მაქვს რომ მათემატიკური სიზუსტით იქნება ყველაფერი,ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე, როგორ გამოიყენეს შენი თაობის ბიჭები და როგორ წაგართვეს შანსი შენც და ჩვენს ქვეყანასაც ბევრი ინოვაციური და კეთილი საქმე გეკეთებინა!!!
რა მწარეა და რამდენია მოსაყოლი, მაგრამ დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!!!!
შენ გაგიმარჯოს ჩემო ნიკო, ჩვენო ნიკო და მომავლის ნიკო:
უფალს ებარებოდე შვილო.
P.S. ძვირფასო მეგობრებო, არ იფიქროთ, ან რამეს შევეგუეთ, ან ტკივილმა იყუჩა, ან კიდევ სხვა და სხვა….
არა მეგობრებო შვილის სიცოცხლე არც იყიდება!!!
ახლა პროცედურაო…
ვადებიო….
სახალხო მსაჯულნიო….
ხოდა გელოდებით ბატონო,უკვე ხუთი წელია განა მარტო ჩვენ, სრულიად საზოგადოებაც, ვინც დღემდე ცდილობს ტკივილის შემსუბუქებას!!!" -წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიასმკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.
- კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
- ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.