ანსამბლ "სუხიშვილების" მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

14.08.26 10:11
ანსამბლ "სუხიშვილების" მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

საჯარო ბოდიში ანსამბლ “სუხიშვილებს“ და კულტურის სფეროს — მოქალაქეებმა ნაციონალური ბალეტის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნეს.

ხალხი მოითხოვს, რომ  “ოცნების“ ლიდერებმა ქართული კულტურისა და სუხიშვილების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციისთვის საჯარო ბოდიში მოიხადონ.

მოთხოვნებს შორის არის  პროფესიული დამოუკიდებლობა.

პეტიციაში ნათქვამია, რომ  ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კულტურის სფეროს დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს მისი პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და დევნა.

ხელისუფლებები იცვლებიან, პოლიტიკური დაპირისპირებები მთავრდება, მაგრამ კულტურა და ეროვნული მემკვიდრეობა თაობებს რჩება. „სუხიშვილების“ ისტორია ქართული კულტურის ისტორიის ნაწილია, - ნათქვამია  ტექსტში.

პეტიცია საჯაროა და მასზე ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სუხიშვილები ქართული კულტურის ისტორიის ნაწილია. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის საერთაშორისო ცნობიერების ჩამოყალიბებაში. დღემდე ისინი ინარჩუნებენ და თაობიდან თაობამდე გადასცემენ ამ ტრადიციას, როგორც ეროვნულ საგანძურს. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ არსებობს მკაფიო ზღვარი პოლიტიკურ კრიტიკას და კულტურის პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციას შორის. ჩვენ მოვითხოვთ, “ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში და პატივი სცენ კულტურის სფეროს პროფესიულ დამოუკიდებლობას. რაც შეეხება საზოგადოებას - მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ ამ პეტიციას, რადგან ჩვენი ხმა ჩვენი პოზიციაა და მერწმუნეთ, ჩვენი პოზიცია აუცილებლად ისტორიას რჩება, - განაცხადა თათია მექვაბიშვილმა, ჯგუფ “წინაპრების“ დამფუძნებელმა. 

ცნობისთვის, “ქართულ ოცნების“ ახალი სამიზნე ქართველი ხელოვანები გახდნენ, ვინც უარი თქვა იმღეროს რუსეთში, ან გასტროლებით მოსკოვში ჩავიდეს.

სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, მერაბ სეფაშვილი და სხვა მომღერლები, ვინც ანტისაოკუპაციო გზავნილებს არ ერიდებიან, ბოლო რამდენიმე დღეა, “ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტები გახდნენ.

პირველი Facebook სტატუსი "სუხიშვილებზე" "ოცნების" წარმომადგენლმა, ირაკლი კირცხალიამ დაწერა. რამდენიმე დღის წინ კი, ირაკლი კობახიძემ ხელოვანები, რომლებიც რუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა: 

"არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს".

მსგავსი სიახლეები