“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს
“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია 5 პირი, მათგან 4 არასრულწლოვანია.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს, ხოლო კიდევ ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ “გლოვოს“კურიერს, რომელმაც ადგილზე შეკვეთა მიიტანა, ზურგიდან არასრულწლოვნების დაჯგუფება დაესხა თავს და მიზეზი იყო ეჭვი, რომ ის პოლიციაში რეკავდა.