სუს-ის ექს შეფის საქმეზე ჩვენებას რომეო მიქაუტაძე დისტანციურად აძლევს
რომეო მიქაუტაძე გრიგოლ ლილუაშვილის პირისპირ - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს შეფის საქმეზე ჩვენებას ეკონომიკის მინისტრის ექს მოადგილე აძლევს.
“პირველების“ ინფორმაციით, მიქაუტაძემ სასამართლოში მოსვლაზე უარი განაცხადა და ახლა “ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც მსჯავრდადებულის სტატუსი აქვს, პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურ რეჟიმში ერთვება.
როგორც ცნობილია, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, მოწმე მიქაუტაძე პროცესზე მოსულიყო და ისე ესაუბრა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ახლა ერთ-ერთი მთავარი ფოგურანტი, ყოფილი თანაგუნდელის წინაარმდეგ დისტანციურად აძლევს ჩვენებას.
- ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.